вторник, 22 мая 2012 г.

ომარ ხაიამი - „თავზე დაგვნათის უსაზღვრობა მაღალი ცისა“


ომარ ხაიამი ძალიან უყვარს ქართველ მკითხველს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შესანიშნავი პოეტია, გაგვიმართლა და მთარგმნელებიც კარგი გვყავს. ომარ ხაიამის პოეზიას ქართველები ვიცნობთ შესანიშნავი მთარგმნელების მეშვეობით (მაგალი თოდუა, ვახუშტი კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი, ამბაკო ჭელიძე, ალექსანდრე ელერდაშვილი, ნინო მგალობლიშვილი და სხვა). თანამედროვე ეპოქამ კარგი საშუალებები (კომუნიკაცია და ა. შ.) მისცა ჩვენს შესანიშნავ მთარგმნელობით სკოლას, ჩვენს ბრწყინვალე მთარგმნელებს და ქართულად შეგვიძლია ვეზიაროთ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის შედევრს. ომარ ხაიამის პოეზია ძველად არ უთარგმნიათ (ან ჩვენამდე არ მოაღწია), სხვადასხვა ვარაუდი არსებობს, მაგრამ ძნელია გადაჭრით ითქვას, რატომ.
ლეგენდარული პოეტი, ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ომარ ხაიამი (ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბურელი) უნდა დაბადებულიყო 1048 წელს. არის გადმოცემა, რომ ის დაიბადა 18 მაისს. ჩვენც, დღეს, 18 მაისს გავიხსენოთ მისი დიდებული პოეტურ-ფილოსოფიური შემოქმედების პატარა ნაწილი.
ომარ ხაიამი დაბადებულა ქალაქ ნიშაბურში, ხორასანში, აღმოსავლეთ ირანში. 8 წლის ასაკიდან ყურანის ცოდნით გამოირჩეოდა თურმე. ასწავლიდნენ მათემატიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას. 12 წლიდან მედრესეში სწავლობდა. შეისწავლა სამართალი, მედიცინა, ენები. ამ დროს სალჩუკთა თარეშები დაიწყო (რომელიც ჩვენში დიდი თურქობის სახელითაა ცნობილი). 16 წლისას მამა გარდაეცვალა და სამარყანდში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. იქიდან ბუხარაში გადავიდა, წიგნთსაცავში მუშაობდა და თან განისწავლებოდა. 1074 წელს ისპაჰანში მიიწვიეს.
ცნობილი სპარსელი ბრძენი, ნიზამ ალ მულკი გახდა თურქ-სელჩუკთა სულთნის, მელიქ-შაჰის დიდი ვეზირი. ოღუზი თურქები გაუნათლებლები იყვნენ და სპარსელების მეშვეობით ცდილობდნენ რელიგიური ცოდნა, სახელმწიფოს მართვა თუ სხვა სიბრძნე შეეძინათ. ნიზამ ალ მულკი ხელიდან როგორ გაუშვებდა შემთხვევას, რომ უნიჭიერესი ადამიანი, ომარ ხაიამი თავისთან მიეწვია. დიდი პოეტი გახდა სულთნის სულიერი მრჩეველი და ობსერვატორიის უფროსი.
ალბათ, 1083 წელს ომარ ხაიამმა გაიცნო აფხაზეთის მეფე გიორგი II, დავით აღმაშენებლის მამა. დიდი თურქობით გაწამებული ქვეყნის თავდადებული ხელმწიფე ეახლა მელიქ შაჰს ისპაჰანში და ხარკის გადახდის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. მელიქ შაჰს გამაჰმადიანება არც მოუთხოვია ქრისტიანი მეფისათვის და მშვიდობაც ჩამოაგდო (ხარკისა და საძოვრების ფასად, რა თქმა უნდა). ჯარიც კი გამოატანა კახეთ-ჰერეთის გიორგი მეფისათვის დასაქვემდებარებლად. ამ გონივრულ და არა სასტიკ ნაბიჯში, მელიქ შაჰს, ჩემი აზრით, დაარწმუნებდნენ ნიზამ ალ მულკი და ომარ ხაიამი. საქართველოში შედარებითმა მშვიდობამ დაისადგურა. მელიქ შაჰისა  და ნიზამ ალ მულკის გარდაცვალების მერე ომარ ხაიამს მოუწია ისპაჰანის დატოვება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამედროვე ეპოქაში ომარ ხაიამის პოეზია ქართველებისთვის განსაკუთრებულად ახლობელი გამოდგა. ჯერ ლიტერატორებმა და მერე მკითხველებმა ძალიან შეიყვარეს ომარ ხაიამი. როგორც ვთქვით, პირველ რიგში, იქნებ იმიტომ, რომ კარგად თარგმნეს ქართველებმა, და მერე, ალბათ, მისი პოეზია, მისი მსოფლმხედველობა, მისი ფილოსოფია ახლობელია ქართული ხასიათისთვის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ომარ ხაიამი ლოთობას უმღერის, არა, ის სიბრძნის პოეტია. ზვიად გამსახურდია ომარ ხაიამზე წერდა: "ასეთი (ცუდი. გ. მ.) თარგმანების წყალობით (იგულისხმება პირველი ევროპული თარგმანები. გ. მ.), აგრეთვე იმის წყალობით, რომ სუფიზმის მაღალი ფილოსოფია მიუწვდომელი აღმოჩნდა მასისათვის, მსოფლიოში დღემდე შემორჩა ლეგენდა, თითქოს ხაიამი ლოთი იყო, ქალების მოყვარული, თითქოს იგი "ღვინოში ჩაიხრჩო" და სხვა. ამგვარი ვერსიების გამავრცელებელთ არ უწყოდნენ, რომ "ღვინო" ხაიამთან, ისევე როგორც სხვა სუფისტებთან მეტაფორაა ეზოტერული საიდუმლო მოძღვრებისა, ხოლო ყურძენი - გარეგანი, ყველასათვის მისაწვდომი ეგზოტერული მოძღვრებისა; რომ მისი მეტაფორული "სიმთვრალე" აღნიშნავს სუფისტის ექსტატურ მდგომარეობას მისტიური წვდომის გზაზე, ხოლო ქალი, მიჯნური შერთვის ობიექტის, ღვთაების სიმბოლოა და ა. ს. ამგვარმა მკითხველებმა არც ის უწყიან, რომ ხაიამი ცხოვრებაში იყო უკიდურესად ასკეტი, რომ მას არასოდეს დაულევია ღვინო, რომ იგი იყო ავტორი მეთემატიკურ-ასტრონომიული ტრაქტატებისა და მკაცრი სუფისტი.
ასე რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ორი ხაიამი, თვითოეულ მათგანს ჰყავს თავისი მკითხველთა წრე, თავისი მრევლი. ერთი, ნამდვილი ხაიამი არსებობს სპარსული ენისა და სუფიზმის მცოდნეთათვის, განათლებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც ხელეწიფებათ მისი პოეზიის ჭეშმარიტი საზრისის ამოცნობა, ხოლო მეორე ხაიამი, ფიცჯერალდისა (პირველი ინგლისელი მთარგმნელი. გ. მ.) და სხვა მთარგმნელთა მიერ შექმნილი, ღვინისა და ქალების მოტრფიალე, არსებობს ხაიამის კლუბებისთვის, ჰედონისტი (ცხოვრებიდან მხოლოდ სიამოვნების მიღების მსურველები. გ. მ.) სტუდენტებისთვის, რომელთაც არც კი სურთ ნამდვილი ხაიამის შესახებ რაიმეს ცოდნა, ვინაიდან იგი მათთვის ბოჰემისა და ჰედონიზმის კერპად ქცეულა" (ზ. გამსახურდია, "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება", გვ. 108-109, თბილისი 1991).
ზვიად გამსახურდიას სიტყვებს ამტკიცებს სიკვდილის დღეს დიდი პოეტის საქციელი. ბრძენმა იგრძნო თურმე სიკვდილის მოახლოება, მოიხმო ახლობლები და მოწაფეები, შეადგინა ანდერძი და ამის მერე აღარც უჭამია და აღარც წყალი დაულევია იმ დღეს. საღამოს ლოცვა რომ შეასრულა, დაჩოქილმა მეტანია გააკეთა და შეჰღაღადა: "ღმერთო, როგორც შემეძლო ვცდილობდი შემეცანი. შემინდე, რამდენადაც შეგიცანი, რამდენადაც მოგიახლოვდი!" და ამ სიტყვებზე სული განუტევა.
ამგვარად ორივენაირი გაგება ომარ ხაიამისა ქართველებისათვის მისაღებია. ღვინოც გვიყვარს და მარადიული ღირებულებებიც, ჭეშმარიტების ძიება, სრულიად არ არის უცხო ქართველებისათვის. ამასთან, ღვინო ჩვენთვის, პირველ რიგში, ლოცვის (დალოცვის), სამყაროსთან, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებაა. ქალი კი ქართველისათვის ამაღლებული ტრფობისა თუ თაყვანისცემის ობიექტია. 
გავიხსენოთ ომარ ხაიამის რამდენიმე რობაია (რობაია, რუბაია – ოთხსტრიქონიანი ლექსი). ყველამ ისე აღიქვას, როგორც სურს. პოეზიის დანიშნულება გარდა "საღმრთო, საღმრთოდ გასაგონისა",  სიხარულის (და არა ჰედონისტური ტკბობის) მონიჭებაცაა, ჩემი აზრით.
***
(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)
თავზე დაგვნათის უსაზღვრობა მაღალი ცისა
და უცნაურად ანთებული შუქურა მზისა,
ხოლო ჩვენ, მისგან მოქცეული შუქის ნათელში
ვცახცახებთ, როგორც აჩრდილები, წინაშე მისსა..
***
(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)
იგი, ვინც ქმნიდა ცისა ფერს და მწვანე მთა და ბარს,
მანვე ნაღველი მოგვაგო და გვითანდათანა,
მანვე ჩაჰყარა მიწის გულში ლალის ბაგენი,
ხოლო თვალები მტვრადა ჰყო და ქარს გაატანა.
***
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა
რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა,
არ არსებული არსებულად ჩათვალე, ძმაო,
არსებული კი მიიჩნიე არ არსებულად.
***
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ღვინის მდინარე, ფერიები და ლხინის ტახტი,
მითხრეს, გელისო სამოთხეში, თუ ღირსი გახდი.
ამივსე თასი წმინდა ღვინით და მომაწოდე,
ათას ნისიას მირჩევნია ეს ერთი ნაღდი.
***
(თარგმნა მაგალი თოდუამ)
არც სინაგოგა, არც მეჩეთი, არც ეკლესია, _
არ მწამს არც ერთი, მათი გმობა ჩემი წესია!
მე არც სამოთხის იმედებით ვყოფილვარ ქვეყნად,
არც ჯოჯოხეთის მოლოდინით დამიკვნესია...
***
(თარგმნა მაგალი თოდუამ)
თენდება და მამილიც ყივის, როგორც რიგია.
რა ატირებს? მწუხარე განა უფრო იგია!
ვაი, როგორ გარბიან ჩვენი ყოფის დღეები,
მთელი ღამე წასულა, ჩვენ კი არ გაგვიგია!.
***
(თარგმნა ამბაკო ჭელიძემ)
ვისაც ხელში ნახევარი პური აქვს
და თავისთვის დასაჯდომი ყურე აქვს,
არც მონა ჰყავს და არც სხვას ემონება,
ქვეყნად იმას რაღა დასამდური აქვს...
***
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
მოდი, გული გამიხარე, მოდი ჩემთან, ჩემო კარგო,
იქნებ შენი სილამაზით ჩემს ვაებას რამე არგო?!
შენთან მინდა მოვილხინო, შევსვა ერთი დოქი ღვინო,
სანამ დოქად გადამზელენ, დოქში მინდა თავი ჩავრგო.
* * *
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)

ხვალინდელ დღეზე რადგან პასუხს ვერავინ აგებს,
შენს სევდიან გულს, ღვინის გარდა, ვერარა არგებს;
მთვარიან ღამეს შევსვათ ღვინო, რადგან ეს მთვარე
მუდამ იქნება... ჩვენ კი ვერსად ვეღარ მოგვაგნებს.
(თარგმნა ნინო მგალობლიშვილმა)
ამ საწუთროში მამხილებლის თვალი სად არი?
კაცთა, - მოსულთა და წასულთა, -
კვალი სად არი?
გული დაგული, დადაგული, - გული უბიწო
დაიფერფლება, დაიფერფლა...
კვამლი სად არი?
***
(თარგმნა ნინო მგალობლიშვილმა)

გულმოწყალეო, შენი ძალა არის სიკეთე, _
სამოთხის ბჭენი რად ჩარაზე, რა გამიკეთე?
თვინიერი რომ მოგეწონოს, ეგ რა მადლია?
ცოდვილს მიწამლო, შემეწიო, _ აი, სიკეთე!
***
(თარგმნა ნინო მგალობლიშვილმა)
ღვინო ჩააქრობს ქედმაღლობას მზვაობარისა,
მას ძალუძს მხოლოდ გატოლება
მთის და ბარისა,
ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია,
ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა.


გია მამალაძე


среда, 16 мая 2012 г.

გივი მაღულარია – "ომარ ხაიამი"



ვიღაცას უთქვამს, ხელოვანი არითმეტიკისა და გეომეტრიის მეშვეობით საგანთა ფარული აზრის ამოხსნისაკენ კი არ ისწრაფვის, არამედ თავისი შინაგანი ბუნების რეალიზაციისაკენო. ომარ ხაიმე შესანიშნავი მათემატიკოსი და გეომეტრი იყო. მკვლევარებმა მის მეცნიერულ შრომებს უფრო ადრე მიაქციეს ყურადღება ვიდრე მის პოეზიას, მაგრამ ნიშაპურელმა ბრძენმა თავისი შინაგანი ბუნების გამოსახატავად მაინც სიტყვა აირჩია და არა გრაფიკა ან პლასტიკა. სიტყვის მეშვეობით გაარღვია მან რელიგიური ბურუსით, ასკეტური მისტიციზმით, მბრძანებელთა სისასტიკით შემოჭილი სამყარო და ზეციურ უფსკრულებს მიაშურა, სადაც ჭმუნვა, მარტოობა და ტრაგიზმი ისევე გარდუვალია, როგორც ცოცხალი არსების მიწად ქცევა. ხაიმი ჯერ გონების, შემეცნების მეშვეობით ცდილობდა სამყაროს არსისა და სიცოხლის აზრის ამოხსნას, მაგრამ მათემატიკამ და ფილოსოფიამ საბოლოოდ დაარწმუნა, რომ გონებით იმას ვერ ამოხსნი, რასაც ადამიანი ვერ შეგუებია, რაც მის სიცოცხლეს ყოველდღიურად აკნინებს, ამწარებს, აუაზროვებს. ამიტომაც აქცია ზურგი დოგმატურ მოძღვრებებს, ღმერთს, საიქიოზე ფიქრს და ადამიანებს მოუწოდა წუთიერი სიამოვნება დაეტყუებინათ წუთისოფლისთვის.
ყიას-ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიმ ნიშაპური ისეთ ეპოქაში დაიბადა (1048-1131), როცა ველური ურდოები ცხენის ფლოქვებით თელავდნენ უკვე ხანდაზმულ ცივილიზაციას, რომელმაც ნიშაპურელი ხელოსნის შვილი აზრის შემბორკავი ხუნდებისაგან გაათავისუფლა, საკაცობრიო ასპარეზზე გაიყვანა და ცხოვრებისა და სამყაროსადმი თავისი დამოკიდებულების გამოხატვა შეაძლებინა. არაბთა უზარმაზარ იმპერიაში, განსაკუთრებით ნახევრად სპარსული დინასტიის, აბასიდების, ტახტზე ასვლის შემდეგ, თავი მოიყარა თითქმის მთელმა იმ კულტურულმა ფასეულობამ, რაც კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე შექმნა. ხალიფების ალ-მანსურის, არ-რაშიდის და ალ-მამუნის მეფობის დროს ბაღდადი მსოფლიოს ყველაზე დიდი, მდიდრი და კეთილმოწყობილი ქალაქი იყო. ცივილიზაციის იმ არხებით დასერილ ცენტრში, რომელსაც ისტორიკოსები თანამედროვე ვენეციას და ამსტერდამს ადარებენ, ოცდაათ ათასამდე ნავი დაცურავდა, ბაზრებში მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოყვანილი მონები, უძვირფასესი და უიშვიათესი საქონელი და ქაღალდზე ოქროს ან ვერცხლის ასოებით დაწერილი წიგნები იყიდებოდა. ალ-მანსურისა და იბნ-ალ-მუბარაკის კათედრალურ მეჩეთებში, რომლებიც სამლოცველო სახლების გარდა უმაღლესი სასწავლებლების მოვალეობასაც ასრულებდნენ, იმდენი შეგირდი იყრიდა თავს, ფეხის დასადგმელი ადგილი არ რჩებოდა. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, იმდროინდელ ბაღდადში მილიონნახევრამდე მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რაც ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ქალაქს რომ მართლაც აკლდა მასწავლებლები, ექიმები, კალიგრაფები, ბიბლიოგრაფები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები, სარწმუნო ჩანს. ყოველ შეძლებულ ბაღდადელს საკუთრი ბიბლიოთეკის შექმნა ისეთივე აუცილებობად მიაჩნდა, როგორც წმინდა ადგილების მონახულება.
ზოგიერთი კერძო ბიბლიოთეკა ათასობით ხელნაწერს ითვლიდა და მისი ადგილიდან ადგილზე გადატანას მთელი ქარავანი სჭირდებოდა. აურაცხელი სიმდიდრის ერთი სახელმწიფოს ხელში თავმოყრამ, ქალაქების ზრდამ და განვითარებამ იმპერიის მესვეურებს შესაძლებლობა მისცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დრო და ენერგია ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებისათვის გამოეყენებინათ.
არაბებმა წინა აზიის, შუამდინარეთის, შუა აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ ევროპის ბევრი ცივილიზებული ხალხი დაიპყრეს და რადგან საკუთარი ცივილიზაცია მათ არ გააჩნდათ (ისლამიც კი ეკლექტური რელიგია იყო), იძულებული გახდნენ კულტურა სხვა ხალხებისაგან ესესხათ, ჯერ ის აეთვისებინათ, რაც კაცობრიობამ მათ გაბატონებამდე შექმნა. ასე დაიწყო მუსლიმანური რენესანსი. შეიქმნა მთარგმნელთა, კომენტატორთა, კალიგრაფთა მთელი კორპორაციები, ჩამოყალიბდა თეოლოგიური სკოლები, სუფიზმის მიმდევართა მონასტრები. ელინური, არამეული, ებრაული და ინდური წერილობითი ძეგლების არაბულ ენაზე თარგმნამ და ერთ ფოკუსში თავმოყრამ დიდად შეუწყო ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებას. წიგნმა ფასი შეიძინა, სწავლულებმა ხელისუფალთა პატივისცემა დაიმსახურეს, რაც კაცობრიობის არსებობის ისტორიაში არც ისე ხშირი მოვლენაა. იმ დროს საუკეთესო ასტრონომები, მათემატიკოსები, ქიმიკოსები, თეოლოგები, ისტორიკოსები, გეოგრაფები, მწერლები და პოეტები არაბთა ვრცელი იმპერიის ფარგლებში ცხოვრობდნენ და ჭეშმარიტებას ეძებდნენ. იმდროინდელ სახელმწიფოებს შორის ხალიფატი ყველაზე მოწესრიებული, რაციონალიზმსა და მისტიციზმს შორის ზომიერად მერყევი, სხვადასხვა ერისა და რელიგიური მოძღვრებების მიმართ ლიბერალურად განწყობილი სახელმწიფო იყო.  ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ძარცვის გზით შეძენილი ქონება არ ამოიწურა, ისლამი იმდენივე სექტად არ დაიშალა, რამდენ მცნებასაც შეიცავს ყურანი და დაპყრობილმა ხალხებმა დამოუკიდებლობა არ მოიპოვეს.
უკანასკნელი ათასწლეულის დამდეგამდე არაბთა იმპერია ცალკეულ სახალიფატოებად, სასულთნოებად და საემიროებად დაიშალა. ეგვიპტეში იშხიდები გაბატონდნენ, დასავლეთ აფრიკაში ფატემიდები, რომელთაც შემდეგ ეგვიპტეც ჩაიგდეს ხელში, ესპანეთში ომაიდები, დასავლეთი ირანი ბუიდებმა დაისაკუთრეს, ჩრდილო-აღმოსავლეთი ირანი_ჯერ სამანიდებმა, შემდეგ კი ღაზნევიდებმა, ბასრა ალ-ბარიდების საუფლო გახდა, ტაბირისტანი დელამიტებისა. ასე რომ, ხალიფს შერჩა მხოლოდ ქალაქი ბაღდადი და მისი შემოგარენი, რაც ტერიტორიულად თითქმის ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოზე პატარა იყო. ბოლოს ხალიფმა სამოქალაქო უფლებებიც დაკარგა და სამი ასეული წლის მანძილზე დაახლოებით ისეთივე როლს თამაშობდა მუსლიმურ აზიაში, როგორსაც რომის პაპი ფეოდალურ ევროპაში. გახალიფებული მმართველები აბასიდებს არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ, მაგრამ სულთნები და ემირები ბაღდადის ხალიფებისაგან ალ-მანსურის მეჩეთში ხუტბის წაკითხვას და მათი უზენაესობის აღიარებას თხოულობდნენ. როცა ეგვიპტის ხალიფმა ალ-ხაკიმმა აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდეს დამპყრობელს, მაჰმუდ ღაზნევიდს წერილი მისწერა და შეეცადა იგი ბაღდადის ხალიფის წინააღმდეგ აემხედრებინა, განრისხებულმა მაჰმუდმა წერილი დახია, ზედ დააფურთხა და თავისი მართლმორწმუნეობის დასამტკიცებლად ბაღდადის ხალიფს, იმ კაცს გაუგზავნა, ვისი ტახტიდან ჩამოგდება ადვილად შეეძლო. ეს მაგალითი ცხადყოფს, თუ რა როლს ასრულებდნენ აბასიდები იმდროინდელ მუსლიმანურ სამყაროში.
ხალიფატი დაიშალა, მაგრამ ცივილიზაცია სახელმწიფოსთან შედარებით უფრო სიცოცხლისუნარიანი, უფრო ზოგადი ხასიათისაა და მანამდე არ იღუპება, სანამან ველური უროდები არ გათელავენ, ანდა სადმე სხვაგან უფრო ძლიერი ცივილიზაცია არ აღმოცენდება. გაძარცული, მეცნიერთა და ხელოვანთა მიერ მიტოვებული ბაღდადიდან კულტურამ პერიფერიული სახელმწიფოების დედაქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში გადაინაცვლა, მაგრამ კი არ ჩამკვდაა, არამედ პირიქით, გაფართოვდა მთელი მუსლიმანური სამყაროს საკუთრება გახდა.ერთი ქალაქი მრავალმა დიდმა ქალაქმა შეცვალა: ქაირომ, დამასკომ, კორდოვამ, კადისმა, შირაზმა რეიმ, ჰამადანმა ბუხარამ, ჰერათმა, ნიშაპურმა და სხვ. ახლა უკვე ამ ქალაქებში შენდებოდა კათედრალური მეჩეთები, სკოლები, მონასტრები, ფართოვდებოდა ქუჩები და ბაზრები, იწერებოდა მეცნიერული შრომები, ლექსები, რომანები და პოემები. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სპარსეთისა და ესპანეთის დიდი ქალაქები. მართალია, ისლამურ კულტურას თავდაპირველად სირიის ქალაქებში ჩაეყარა საფუძველი, აქ დაიწყეს ძველი ბერძენი ავტორების, განსაკუთრებით პლატონისა და არისტოტელეს არაბულ ენაზე თარგმნა, მაგრამ განვითრების უმაღლეს საფეხურს ისლამმა მაინც სპარსეთის ქალაქებში მიაღწია. სპარსელებს რელიგიური გრძნობა უფრო ღრმად ჰქონდათ გამჯდარი სისხლში, ვიდრე არაბებს, უფრო მიჩვეულნი იყვნენ სპეკულატურ აზროვნებას, უკეთ ართმევდნენ თავს იმას, რასაც შეუცნობელის შეძლებისდაგვარად მოწესრიგება, სისტემაში მოყვანა ჰქვია და თუ წინააზიისა და შუააზიის დაპყრობის შემდეგ ისლამი უფრო დაიხვეწა, ფილოსოფიური მოძღვრებებით შეივსო, მუსლიმანებმა ეს სპარსელებს უნდა უმადლონ.
ხორასნის ოლქი და მისი დედაქალაქი ნიშაპური, რომელიც იმდროინდელი ისტორიკოსების აზრით მთელი აღმოსავლეთის კულტურის ცენტრად ითვლებოდა, სამი საუკუნის მანძილზე ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ თავისი მნიშვნელობა მაინც არ დაუკარგავს.
ხალიფ ჰარუნ-არ რაშიდის სიკვდილის შემდეგ მის ორ შვილს ალ-ამინსა და ალ-მამუნს შორის ტახტისათვის ბრძოლა ატყდა. ალ-ამინი არაბული ორიენტაციის მომხრე იყო, ალ-მამუნი, რომელსაც დედა სპარსელი ჰყავდა, დეჰყანებს უჭერდა მხარს. ანდერძის თანახმად ტახტზე ალ-ამინი ავიდა, ალ-მამუნი კი ხორასანში გამაგრდა და თავი ხალიფად გამოაცხადა. სახელმწიფო ორ ნაწილად გაიყო, ასევე იმპერიის მოსახლეობის ინტერესებიც. ალ-მამუნს სპარსელი არისტოკრატები უჭერდნენ მხარს და მალე მათი დახმარებთ ტახტის მაძიებელმა ხალიფამ დიდძალ ჯარს მოუყარა თავი, ბაღდადისკენ დაიძრა, ქალაქი აიღო, ძმა ტახტიდან ჩამოაგდო და თვითონ გახალიფდა. იმ დღიდან იმპერიას სპარსელები უფრო მართავდნენ, ვიდრე არაბები. ტახტისათვის ბრძოლაში ალ-მამუნს დიდი დახმარება გაუწია სპარსელმა დიდებულმა ტაჰირ-იბნ-ჰუსეინმა, რომელიც ხალიფმა ჯერ მესოპოტამიის გამგებლად დანიშნა, შემდეგ კი ხორასანის ოლქი უბოძა. ასე შეიქმნა ხალიფატის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტაჰირიდების საემირო. ცოტა მოგვიანებით მავერანნაჰრში სამანიდების სახელმწიფოც ჩამოყალიბდა. მემატიანენი ქებით მოიხსენიებენ ტაჰირიდებს, ხოლო თანამედროვე ისტორიკოსები აბდულაჰ-იბნ-ტაჰირს ფეოდალური ხანის იდეალურ მმართველად თვლიან. ტაჰირიდებმა ხორასანში ცოტა ხანს, სულ რაღაც ორმოცდაათი წლის მანძილზე იმეფეს, მაგრამ სპარსული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი. 873 წელს ტაჰირიდები დაამარცხა და ტახტიდან ჩამოაგდო სისტანის ემირმა იაკუბ-იბნ-ლიაის-საფარმა, რომელიც წარმოშობით მდაბიო იყო და მხოლოდ საკუთარი ჭკუისა და ვაჟკაცობის წყალობით აღზევდა. საფარიდების ტახტზე ასვლის შემდეგ სისტანი და ხორასანი გაერთიანდა და შეიქმნა საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო. იაკუბ-იბნ-ლაიასის ძმა ამირი ხარკსაც კი აღარ უხდიდა ხალიფს. ხორასანისა და მავერანნაჰრის გაძლიერებით შეშფოთებულმა ხალიფმა საფარიდები და სამანიდები ერთმანეთს წაჰკიდა. 900 წელს ისმაილ სამანიდმა სასტიკად დაამარცხა საფარიდები, ემირი ტყვედ ჩაიგდო და ხორასანი თავის სამეფოს შეუერთა. ამ გამარჯვების შემდეგ სამანიდებს ეკუთვნოდათ მთელი მავერანნაჰრი, ხორასანი, მიდია და თითქმის მთელი სპარსეთი ქერმანამდე.
სამანიდების მმართველობის ხანა სპარსეთში მეცნიერებისა და კულტურის აყვავების ხანად ითვლება. იმპერიის სხვა პროვინციებთან შედარებით ეს მხარე მართლაც უფრო მოვლილი, კეთილმოწყობილი და განვითარებული ჩანს. ალ-მუკადასი ამბობს: ,,მათი (სამანიდების) დაუკითხავად ხეც რომ ამოსულიყო ქვეყანაზე, ისიც გახმებოდაო. იმავე ალ-მუკადასის ცნობით სამანიდებმა მეცნიერები და პოეტები დამამცირებელი ადათის, მათი ფეხთა მტვრის კოცნისაგან გაათავისუფლეს. ისტორიკოსების მიერ სამანიდების გაიდეალებას ზერელობის ნიშნები ატყვია, მაგრამ ამ სახელმწიფოს ფარგლებში ან დაიბადნენ, ანდა ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მუსლიმური სამყაროს ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, პოეტები და სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიც იყვნენ აბუ-ალი-იბნ-სინა, მუჰამედ-იბნ-მუსა ალ-ხორეზმი, ალ-ღაზალი, აბუ-ჰასან-ალ-კასაი, აბუ-რაჰმან ბირუნი, აბუ-სახლ-მაზახი, რუდაქი, დაკიკი, დარუხი, ფირდოუსი, ომარ ხაიამი, ნიზამ ალ-მულქი, ჰასან-საბრი და სხვები. კულტურის ასეთი აყვავება, რა თქნა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა, სამანიდებს რომ პოლიტიკური მოქნილობა და ერთგვარი ლიბერალიზმი არ გამოეჩინათ. 999 წელს ეს სახელმოხვეჭილი მეფეები თურქმენთა მოდგმის ტომებმა, ყარახანიდებმა დაამარცხეს და სახელმწიფო ორ ნაწილად გაიყო. მავერანნაჰრი ყარახანიდებმა დაისაკუთრეს, ხოლო ხორასანი, ტაბირისტანი და სისანი მაჰმუდ ღაზნევიდმა დაიპყრო, სწორედ იმ მაჰმუდმა, რომელმაც ფირდოუსის ერეტიკოსობა დასწამა, შეპირებული თანხის ნაცვლად ოცი ათასი დირჰემი გაუგზავნა და სამუდამოდ გადაიკიდა. ღაზნევიდები ხორასანს მანამდე განაგებდნენ, სანამ დასავლეთისაკენ სელჩუკთა ძლევამოსილი ლაშქრობები არ დაიწყო.
ნიშაპური აზიის ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა. იმდროინდელი ისტორიკოსების ცნობით ქალაქს ეჭირა 40 კვ.კილომეტრი, ჰქონდა 40–მდე მთავარი ქუჩა, უამრავი საამქროები, სამიკიტნოები, საწყობები, და ბაზრები. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, პირველი მედრესეც ნიშაპურში გაიხსნა. სასწავლებელს თავისი მეურნეობა და სტუდენტთა საცხოვრებელი ჰქონდა, სადაც რელიგიის საკითხებზე დისპუტები იმართებოდა.
აი, ამ ქალაქის მკვიდრი იყო ომარ ხაიამი; მაგრამ მის დაბადებამდე ნიშაპურმა იმ ტომების შემოსევა განიცადა, რომელთაც სახე უცვალეს სპარსეთის ეთნიკურ შემადგენლობას, ხოლო ანატოლიისა და ამიერკავკასიის ზოგიერთი ხალხი მთლიანად მოსპეს. 1038 წელს სელჩუკთა იმპერიის ფუძემდებელმა თოღრულ-ბეგმა მთელი ხორასანი დაიპყრო, ნიშაპური აიღო და თავის სატახტო ქალაქად გამოაცხადა. ორიოდე წლის შემდეგ სელჩუკებს თითქმის მთელი სპარსეთი, ხორეზმი და აზერბაიჯანი ეკუთვნოდათ, ხოლო იმ წელს, როცა ომარ ხაიამი დაიბადა, ბაღდადის ხალიფმა ქაიმმა თოღრულ-ბეგი კანონიერ მმართველად, მუსლიმანთა მფარველად გამოაცხადა და მის სადიდებლად ხუტბა წაიკითხა. სალჩუკებს სპარსელებისათვის იმდენი ზიანი არ მიუყენებიათ, რამდენიც მათ მეზობელ ხალხებს - ანატოლიელებს, ამიერკავკასიელებს და ბერძნებს მიაყენეს. შეიძლება ამის მიზეზი რჯულის ერთიანობა იყო (სელჩუკებმა მაჰმადიანობა ჯერ კიდევ დიდი ლაშქრობების დაწყებამდე მიიღეს), მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ დამპყრობლები დაპყრობილებზე იყვნენ დამოკიდებული. სელჩუკებს სპარსელი ადმინისტრატორებისა და ინტელიგენციის გარეშე უზარმაზარი იმპერიის მართვა არ შეეძლოთ. იქნებ სპარსელებიც ამიტომ ეგუებოდნენ უფრო იოლად უცხოელ დამპყრობელთა უღელს. ყოფილი ხალიფატის მიწა-წყალზე სელჩუკებმა ბევრი ქალაქი და სოფელი დაანგრიეს, ბევრი სისხლი დაღვარეს, მაგრამ ისლამური კულტურის წინააღმდეგ არ გაულაშქრიათ. პირიქით, სელჩუკი სულთანების კარზე ბევრი სახელმოხვეჭილი მეცნიერი და პოეტი ცხოვრობდა, ხოლო მელიქ-შაჰმა სპარსეთში უდიდესი ობსერვატორიაც კი დააარსა. ასე რომ, სელჩუკთა ბატონობას სპარსული კულტურისათვის დიდი ზიანი არ მიუყენებია, რაც, ალბათ, იმით უნდა აიხსნას, რომ ყველა კულტურული ღონისძიების წამომწყებნი და სულის ჩამდგმელნი თვით სპარსელები იყვნენ, განსაკუთრებით სელჩუკთა დიდი ვეზირი ნიზამ ალ-მულქი. სპარსეთი და საერთოდ ისლამური კულტურა მხოლოდ მონღოლების შემოსევის შემდეგ ვეღარ გასწორდა წელში.
ომარ ხაიამის მამა მოხელეი კაცი იყო, კარვებს კერავდა, მაგრამ შვილის მედრესეში აღზრდა მაინც შეძლო. მედრესეში ძირითადად ასწავლიდნენ საღვთო წიგნს, ყურანს, ხოლო ნაწილობრივ მეცნიერების სხვადასხვა დარგებს. ლექციები იკითხებოდა არაბულ ენაზე, არაბულადვე იწერებოდა ყველა მეცნიერული შრომაც. იმდროინდელ მუსლიმანურ სამყაროში არაბული ისეთივე როლს თამაშობდა, როგორც ლათინური სქოლასტურ ევროპაში.
გავრცელებულია ლეგენდა, თითქოს ომარ ხაიამი მედრესეში ორ ისეთ სახელმოხვეჭილ პიროვნებასთან ერთად სწავლობდა, როგორიც იყვნენ სელჩუკთა იმპერიის სულისჩამდგმელი და დედაბოძი ნიზამ ალ-მულქი და სელჩუკთა იმპერიის დაუძინებელი მტერი, ასასინთა ორდენის დამაარსებელი ჰასან-იბნ-საბაჰი. ლეგენდა ცნობებს მათი შემდგომი ცხოვრებისა და ურთერთიბის შესახებ გვაწვდის, განსაკუთრებით ნიზამ ალ-მულქისა და ჰასან-იბნ-საბაჰს შორის ჩამოვარდნილ შუღლსა და მტრობაზე, მაგრამ ნიზამ ალ-მულქი ომარ ხაიამზე ოცდათვრამეტი წლით უფროსი იყო, დიდი ვეზირის თანამდებობა საკმაოდ ახალგაზრდამ დაიკავა და ამიტომ მათი მეგობრობა და მედრესში ერთდროულად სწავლა დაუჯერებელი ჩანს. რაც შეეხება ჰასან-იბნ-საბაჰს, შეიძლება ომარ ხაიამი მართლაც მეგობრობდა ამ საშინელ კაცთან, ყველა დროისა და ეპოქის უდიდეს ტერორისტთან.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ბრწყინვალე განათლება ომარ ხაიამმა მედრესეში მიიღო, მაგრამ სხვები ფიქრობენ, მედრესეში ომარ ხაიამს ყურანის მეტი არაფერი უსწავლია და მათემატიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოლოგია, მედიცინა და მუსიკა დამოუკიდებლად შეისწავლაო. იმ დროს არაბულ ენაზე თითქმის ყველა ბერძენი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის შრომა იყო თარგმნილი, წინა აზიისა და შუა აზიის მუსლიმანებმა ინდურ მათემატიკასა და ასტრონომიასაც მიაქციეს ყურადღება და ამ ორი ნაკადის შერწყმამ წარმოშვა ნიჭიერი მათემატიკოსების მთელი პლეადა, რომელთა შორის ომარ ხაიამს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.
ოცდაერთი წლის ომარ ხაიამი უკვე სამარყანდში ცხოვრობს და ამ ქალაქში აქვეყნებს რამდენიმე მათემატიკურ შრომას, რომელთა შორის ერთმა (",ტრაქტატი ალგებრასა და ალმოკამბალის ამოცანათა ამოხსნის შესახებ") ჩვენს დრომდე მოაღწია. ძნელია იმის თქმა თუ რამ აიძულა ჭაბუკი ხაიამი ხორასანიდან მავერანნჰარში გადასახლებულიყო, მაგრამ ამ ხანებში იგი მწარედ უჩივის ბედს, უსახსრობას, ადამიანთა გაუტანლობას, იმ მეცნიერთა უსინდისობას, რომლებიც მისივე თქმით, ჭეშმარიტებას აყალიბებენ და სწავლულის სახელს მხოლოდ თავიანთი ბინძური ინტერესებისათვის იყენებენ. შეიძლება ომარ ხაიამის გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი უსახსრობა იყო, მაგრამ შეიძლება იმიტომაც გაეცალა მშობლიურ მხარეს, რომ სელჩუკთა თარეშს და გაუთავებელ ომებს განრიდებოდა. მავერანნჰარელი ხაკანები, რომელთაც სატახტო ქალაქი ბუხარიდან სამარყანდში გადაიტანეს, ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდნენ სელჩუკებს. შამს-ალ-მულქი გამუდმებულ ომებს აწარმოებდა თურქებთან და 1072 წელს სწორედ მასთან ბრძოლაში დაიღუპა სელჩუკთა ისეთი ძლევამოსილი სულთანი, როგორიც იყო ალფ-არსლანი. ყარახანიდების დამორჩილება მხოლოდ მელიქ-შაჰმა შეძლო მოგვიანებით. მანამდე კი სამარყანდში სამანიდთა დროინდელი ტრადიციები ბატონობდა.
იმ დროს სწავლულს ან მეფის კარზე უნდა ეცხოვრა, ან განდეგილის სენაკში, ანდა მისთვის მფარველობა უნდა გაეწია მდიდარ, გავლენიან მეცენატს. სხვაგვარად არა თუ მოღვაწეობა, არსებობაც გაუჭირდებოდა. ომარ ხაიამი დიდად ემადლიერება სამარყანდის ყადის აბუ-ტაჰირს. ეს სათნო და გულკეთილი კაცი რომ არ დამხმარებოდა, ვერაფერს შევქმნიდიო, ამბობს სამშობლოდან გადახვეწილი მეცნიერი და მფარველს ქებით იხსენიებს.
ეჭვი და სკეპტიციზმი, ანუ ეთიკურ პრობლემებთან ჭიდილი ომარ ხაიამისათვის უკვე ნაცნობი იმპულსი იყო, მაგრამ მას ჯერ კიდევ სჯეროდა გონებისა, სჯეროდა, რომ განათლება, ლოგიკური აზროვნება აბსოლუტს დაუახლოვებდა, ღმერთის არსებობას კი არ გამოაცლიდა საფუძველს, არამედ თვით მას გაიყვანდა ცისკენ მიმავალ გზაზე და ამიტომ მთელი თავისი ენერგია საგანთა ფარული არსის ამოხსნისაკენ მიმართა.
ომარ ხაიამი სრულიად ახალგაზრდა კაცი იყო, როცა იმდროინდელი ალგებრის, გეომეტრიისა და არითმეტიკის ურთულესი ამოცანების ამოხსნას მოჰკიდა ხელი. გეომეტრიაში იგი იკვლევდა პარალელთა თეორიის საკითხებს, რაც ძვ.წ.ა. მეოთხე საუკუნიდან თითქმის მეცხრამეტე საუკუნემდე ერთ–ერთი ურთულესი თავსატეხი პრობლემა იყო. პირველად ევკლიდემ სცადა გეომეტრიის ყველა დებულება რამდენიმე აქსიომის მეშვეობით დაემტკიცებინა, მაგრამ მან ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეძლო. ამ დებულების სრულყოფას, საბოლოოდ დამტკიცებას საუკუნეები დასჭირდა. ყველაზე დიდ დავას იწვევდა საკითხი –პარალელების აქსიომა მხოლოდ აქსიომაა თუ თეორემაც, ე.ი. შეიძლება თუ არა მისი დამტკიცება სხვა აქსიომის მეშვეობით. აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, ხაიამამდეც და ხაიამის შემდეგაც ამ საკითხის გადაჭრა ბევრმა მეცნიერმა სცადა, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდა. მათემატიკოსები ვერ ამჩნევდნენ, რომ დებულების დამტკიცების დროს სულ სხვა თეორიას იყენებდნენ, ისეთ თეორიას, რომელიც აქსიომათა სიაში არ შედიოდა, რის გამოც პარალელთა თეორიას კი არ ამტკიცებდნენ, არამედ პარალელთა აქსიომას ცვლიდნენ მისი ტოლფასოვანი დებულებით. ხაიამი პირველი მკლევარი იყო, რომელსაც ალღომ არ უღალატა და დებულების დასამტკიცებლად სწორი გზა გამონახა. მან მონაკვეთის ბოლოებიდან აღმართა ამ მონაკვეთის ტოლი მართობები და მათი ბოლოები ერთმანეთს შეუერთა. მიიღო ოთკუთხედი ფუძესთან მდებარე სწორი კუთხეებით, ტოლი ფერდობებით და ტოლი ზედა კუთხეებით. თუ დავამტკიცებთ,რომ ზედა კუთხეები მართია, ე.ი. არც მახვილია და არც ბლაგვი, ამით პარალელთა დებულება მტკიცდება. სწორედ ამის გაკეთება შეძლო ომარ ხაიამმა, მაგრამ თუ არ დავეთანხმებით ამგვარ ან მსგავს დებულებას,მაშინ ზედა კუთხეები შეიძლება მახვილიც იყოს, რის შედეგადაც მივიღებთ არა ევკლიდეს პარალელთა დებულებას, არამედ მის საწინააღმდეგოს. სწორედ ასეთი არაევკლიდური გეომეტრია შეჰქმნეს მეცსრამეტე საუკუნის ბოლოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რუსმა მეცნიერმა ლობაჩევსკიმ, უნგრელმა ბოლიამ და გერმანელმა ჰაუსმა, მაგრამ არაევკლიდური გეომეტრიის ზოგიერთი საწყისი დებულება უკვე გვხდება ომარ ხაიამის შრომებში.
ალგებრაში ომარ ხაიამი იკვლევდა განტოლებებს,კერძოდ, ეძებდა მესამე ხარისხის განტოლებათა ამოხსნის მეთოდებს,რადგან პირველი და მეორე ხარისხის განტოლებები იმდროინდელი თვალსაზრისით გამოკვლეულად ითვლებოდა. მაშინ ზოგადი სახით მოცემული განტოლებების ყველა ფესვის მომცემი ერთი ფორმულა არ იყო დადგენილი, როგორც დღეს გვაქვს,მაგალითად კვადრატული განტოლებისათვის, არამედ ზოგადი განტოლებები იყოფოდა კერძო სახეობებად და თითოეული სახეობისათვის იძებნებოდა მხოლოდ მისი ფესვის საპოვნი ფორმულა. თანაც იძებნებოდა მხოლოდ ნამდვილი და დადებითი ფესვი. ომარ ხაიამმა 1,2 და 3 ხარისხის განტოლებები 25 სახეობად დაყო, მათგან 14 გამოაცალკევა–ერთი ორწევრა, ექვსი სამწვევრა, და შვიდი ოთხწევრა, რომელთა დაყვანა 1 და 2 ხარისხის განტოლებამდე არ შეიძლებოდა და რადგან ოთხი მათგანი უკვე გამოკვლეული იყო,გამოიკვლია დანარჩენი ათი. გარდა ამისა, ხაიამმა მიახლოებით გამოთვალა მათი ფესვებიც. დაადგინა ფესვთა საზღვრები და აღნიშნა, რომ შეიძლება ფესვი სულ არ არსებობდეს, ანდა იყოს ორი, მაგრამ ვერ შეამჩნია, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო სამიც. ამ საკითხს იგი გეომეტრიულად, ბერძნების გეომეტრიული ალგებრისა და აზიელთა ტრიგონომეტრიის მეშვეობით იკვლევდა. ფესვი რომ ეპოვა, სწორ ხაზზე ეძებდა საგანგებოდ აგებულ კონუსურ კვეთთა გადაკვეთისა შეხების წერტილებს, რაც ზუსტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და ამიტომ ვერ შეამჩნია მესამე ფესვის არსებობის შესაძლებლობა. მე–3 ხარისხის ზოგიერთი განტოლების დაყვანა ნაკლები ხარისხის განტოლებამდე ხაიამის შემდეგ პირველად შეძლო დეკარტემ 1637 წელს, მაგრამ დებულების ზუსტი დამტკიცება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში მოხერხდა
არითმეტიკაში ხაიამმა რიცხვთა ფარდობის შედარებისათვის თავისი წესები გამოიყენა, ე.ი. განსაზღვრა, როდისაა ისინი ტოლი ან მეტ–ნაკლები, რა ხდება მათი შეკრება– გამოკლების დროს. თავისი წესები ხაიამმა შეადარა ძველი ბერძენი მათემატიკოსების ევკლიდესა და ევდოქსის თეორიებს და შედარების შემდეგ განავრცო არა მარტო მთელზე და წილადზე, არამედ ირაციონალურ რიცხვზეც, რამაც გამოიწვია რიცხვთა ცნები განზოგადება. ამ განზოგადების შემდეგ რიცხვს უკვე წარმოადგენდა არა მარტო მთელი რიცხვი, არამედ წილადიც და ირაციონალური რიცხვიც კი. ბოლოს იგი მივიდა რიცხვთა დაუსრულებელი გაყოფადობის პრინციპამდე, ხოლო ამის შემდეგ უწყვეტლობის ცნებამდეც. ამგვარად, ომარ ხაიამი თამამდ შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე მათემატიკური ანალიზის საფუძვლების, ნამდვილ რიცხვთა თეორიის შემქმნელთა წინამორბედად.
ნიჭიერი მათეამტიკოსის, ასტრონომისა და ფილოსოფოსის სახელი ომარ ხაიამმა ლერ კიდევ სამარყანდში მოიხვეჭა. ახალგაზრდა მეცნიერს თანამედროვენი ხოჯას, იმამს ანუ მოძღვარს ეძახდნენ. მაგრამ თვით ომარ ხაიამი ბედს მაშინაც კი არ ემადლიერებოდა, როცა მეცნიერების რთულ პრობლემებს წარმატებით წყვეტდა. შეიძლება ამის მიზეზი ის იყო, რო ალღოგამახვილებული პოეტი ცხადად გრძნობდა მუსლიმანური ცივილიზაციის მზის ჩასვენებას, საერთო განწყობილების დაქვეითებას. შეიძლება წარმავლობის, ამაოების შეგნებამ მის თვალში ბევრი რამ გააუფასურა ისეთი, რის იმედიც ჰქონდა. ერთი სიტყვით, ჭეშმარიტების მაძიებელი მოძღვარი უკვე იმდენ გესლს ანთხევს, რომ მართლმორწმუნეთა ეჭვს იწვევს.
1074 წელს მელიქ-შაჰმა ისპაჰანში დიდი, კეთილმოწყობილი ობსერვატორია გახსნა. ნიზამ ალ-მულქმა ობსერვატორიაში სამუშაოდ ბევრი ცნობილი მეცნიერი მოიწვია და მათ შორის ომარ ხაიამიც. ომარს იმ ჯგუფის ხელმძღვანელობა დაავალეს, რომელსაც ირანის მზის კალენდარი უნდა აღედგინა და დაეზუსტებინა. გამაჰმადიანებამდე სპარსელები მზის კალენდრით სარგებლობდნენ, რადგან სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია ცეცხლთაყვანისმცემელობა იყო და მორწმუნენი ტაძრებში ცეცხლის სცემდნენ თაყვანს, ტაძრის გარეთ კი მზეს. საერთოდ, ისლამმა დიდხანს ვერ შეძლო სპარსეთში მზის კულტის აღმოფხვრა. იგივე შეიძლება ითქვას კალენდარზეც. არაბებმა დაპყრობილ ხალხებს ისლამთან ერთად მთვარის კალენდარიც მოახვიეს თავს. მთვარის წელიწადი მზის წელიწადთან შედარებით ათი დღით მოკლე იყო და შესავსებად მთელი მეცამეტე თვის დამატებას მოითხოვდა. მელიქ-შაჰმა და ნიზამ ალ-მულქმა გადაწყვიტეს, სპარსეთში მზის კალენდარი აღედგინათ. ობსერვატორიის დაარსების მთავარი მიზეზიც ეს იყო. კალენდრის აღდგენა, შევსება და დაზუსტება დიდ დროსა და შრომას მოითხოვდა, მაგრამ ომარ ხაიამმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ რთულ საქმეს და მის მიერ გაანგარიშებულმა წლის სიგრძემ შეადგინა 365,2424 დღე-ღამე, სადაც შეცდომა ყოველ 5000 წელიწადში მხოლოდ ერთ დღე-ღამეს იძლეოდა, რაც შედარების შემდეგ გრიგორიანულ კალენდარზე უფრო ზუსტი აღმოჩნდა.
სელჩუკთა იმპერია ნიზამ ალ-მულქის პირმშო უფრო იყო, ვიდრე თურქი სულთნებისა. სელჩუკები მხოლოდ ახალ-ახალ მიწებს იპყრობდნენ, მაგრამ შემომტკიცებული მიწების მართვა და გამგებლობა დიდ ვეზირს ევალებოდა და ამ ამოცანას ნიზამ ალ-მულქი დიდებულად ართმევდა თავს. მისი ნიჭი და გამჭრიახობა მხოლოდ მეზობელ ხალხებს უჯდებოდა ძვირად და მათ შორის ქართველებსაც, რადგან შორსმჭვრეტელი ვეზირი თურქთა მომთაბარე ტომების სპარსეთიდან განთესვას, შორეულ პროვინციებში გაყვანას უწყობდა ხელს. ქართველი ხალხი იშვიათად მდგარა ისეთი საფრთხის წინაშე, როგორც დიდი თურქობის დროს. სელჩუკები დაპყრობილი ტერიტორიების მკვიდრ მოსახლეობას სპობდნენ და მათ ადგილას თვითონ სახლდებოდნენ. სწორედ ამგვარ ექსპანსიას, უფრო სწორად, გენოციდს უწყობდა ხელს ნიზამ ალ-მულქი. სახელდახელოდ შეკოწიწებული იმპერიის ტერიტორიაზე მან უამრავი რეფორმა ჩაატარა, სახელმწიფო აბსოლუტურ მონარქიად აქცია და მელიქ-შაჰის კარზე უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი შექმნა. სასახლე აივსო განშტოებული სახელოების მოხელეებით, დიპლომატებით, გვარდიელებით ანუ ღულამებით. გარდა ამისა, სულთნის კარზე ცხოვრობდნენ მელიქ-შაჰის ცოლები, შვილები, სისხლით ნათესავები, მეცნიერები, პოეტები, თეოლოგები, ასტროლოგები, მუსიკოსები და მსახურთა მთელი ჯარი. ერთი სიტყვით, მელიქ-შაჰის კარი ათასგვარი წინააღმდეგობის, შუღლისა და ინტრიგების ბუდე გახდა სწორედ ამ დროს სულთანსა და დიდვეზირს შორის მტრობა ჩამოვარდა. ამ მტრობის გაღვივებას დიდად უწყობდა ხელს მელიქ-შაჰის ულამაზესი და უსაყვარლესი ცოლი თურქან-ხათუნი. თურქან-ხათუნს სურდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი მაჰმუდი მელიქ-შაჰს ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, ხოლო უფროსი ვაჟი ბარქიოროკი, რომელსაც ნიზამ ალ-მულქი უჭერდა მხარს, განედევნა. მელიქ-შაჰმა ყველა ღონე იხმარა ნიზამ ალ-მულქის ასალაგმავად, მაგრამ დიდვეზირი ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელ იმპერიაში, იმდენად ძლიერი იყო, რომ მელიქ-შაჰმა ვერც მის წინააღმდეგ გალაშქრება შეძლო და ვერც მისი თანამდებობიდან გადაყენება. სელჩუკთა იმპერიაში დიდი არეულობა დაიწყებოდა ასასინებს რომ ნიზამ ალ-მულქი არ მოეკლათ. ზოგიერთი ბუნდოვანი ცნობის თანახმად, მცირე ხნის შემდეგ ასასინებმა მელიქ-შაჰიც გაისტუმრეს იმქვეყნად. სულთნის მოკვლის შემდეგ იმპერიაში დიდი არეულობა დაიწყო. ამით ისარგებლა თურქან-ხათუნმა და ღულამების დახმარებით ტახტზე თავისი ხუთი წლის ვაჟი მაჰმუდი აიყვანა. მაჰმუდს დიდხანს არ უმეფია. სასახლეს ყვავილის ეპიდემია მოედო, მელიქ-შაჰის ოთხივე ვაჟი ავად გახდა, მაგრამ სახადმა მარტო მაჰმუდი იმსხვერპლა. უფლისწულებს სხვა ექიმებთან ერთან ომარ ხაიამიც მკურნალობდა და ერთი უმნიშვნელო ფრაზის გამო, რაც ავადმყოფმა ცუდად გაიგო, მელიქ-შაჰის მესამე შვილი სანჯარი გადაიკიდა. მაჰმუდის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ბარქიოროკი, მაგრამ დღეგრძელი არც ის აღმოჩნდა. ბარქიოროკი შეცვალა მელიქ-შაჰ მეორემ, მელიქ შაჰ-მეორე _ ბარქიოროკის მომდევნო ძმამ - მუჰამედმა, ბოლოს ტახტი ხელში ჩაიგდო მელიქ-შაჰის მესამე ვაჟმა სანჯარმა, რომელმაც ძმებს შორის ყველაზე დიდხანს იმეფა.
ნიზამ ალ-მულქის მოკვლის შემდეგ სულთნებისა და დიდვეზირების დამოკიდებულება ინტელიგენციისადმი შეიცვალა. ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გადატრიალებამაც შეუწყო ხელი. მეცნიერებსა და პოეტებს აღარ სცემდნენ ისეთ პატივს, როგორსაც ჩვეულნი იყვნენ. ბევრი მათგანი სასახლიდან დაითხოვეს, დანარჩენებს გასართობად უფრო იყენებდნენ, ვიდრე საქმისათვის. მდგომარეობა გართულდა, საზოგადოებრივი ინტერესები პირადულმა დაჩრდილა. იმათ შორის, ვინც კარზე დარჩა, დაიწყო პრივილეგიებისათვის ბრძოლა, ქიშპობა, მლიქვნელობა. მეცნიერები, პოეტები და რიტორები სულით ისეთივე მდაბალნი აღმოჩნდნენ, როგორც განშტოებული სახელოების მოხელეები. არავინ არავის ინდობდა, რაც უფრო ნიჭიერი იყო კაცი, მით უფრო თავგამოდებით ებრძოდნენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ომარ ხაიამი. მისი ადრეც ბევრს შურდა, ბევრი მწარე ენისა და შინაგანი თავისუფლების გამო ემდურებოდა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ რუბაიებსა და ზოგიერთი სხვა ჟანრის თხზულებებში უამრავი მკრეხელური აზრი ჰქონდა გამოთქმული, რისთვისაც ფანატიკურად განწყობილ საეკლესიო პირებს მისი ერეტიკოსად გამოცხადება და სასტიკად დასჯა შეეძლოთ. გარდა ამისა, იგი ნიზამ ალ-მულქის მეგობრად, თანამზრახველად ითვლებოდა და ამის გამო თურქან-ხათუნმა მოიძულა, უნდობლად, ეჭვის თვალით უყურებდა. მაბეზღარა და თანამდებობის მაძიებელი მტრების, სასტიკ მბრძანებელთა თავიდან ასაცილებლად ომარ ხაიამმა სულთნის კარი მიატოვა, დერვიშის მოსასხამში გაეხვია და უფრო მტრების, ვიდრე ღმერთის შიშით წმინდა ადგილების მოსანახულებლად გაემგზავრა.
ომარ ხაიამმა მექა და ბაღდადი კი მოინახულა, მაგრამ ამის გამო არც უფრო მორჩილი გამხდარა და არც უფრო ღვთისმოსავი. მექადან დაბრუნების შემდეგ მშობლიურ მხარეს მიაშურა, პროფესია შეიცვალა და ხორასანის ემირის კარის ექიმი გახდა. ის, რითაც მდიდარი იყო სახელმოხვეჭილი მეცნიერი და პოეტი, მბრძანებლებს აღარ სჭირდებოდათ. სულთნებსა და ემირებს ახლის ძიებას, ქვეყნის საკეთილდღეოდ ზრუნვას, ღვინის სმა და გართობა ერჩიათ. სეპარატისტული ტენდენციები თანდათან ძლიერდებოდა, იმპერიას დაშლა, დაქუცმაცება ელოდა. ილახებოდა ყველაფერი, რითაც სახელმწიფო არსებობს და ამ პროცესს ოამრ ხაიამიც დიდად უწყობდა ხელს. არაფერი დაუტოვებია გაუკილავი, გაუთელავი. მიუხედავად ამისა, მაინც ფრთხილად იქცეოდა, ღმერთის სახალხოდ გმობას, გონებაჩლუნგი მტრების აშკარა გამოწვევას ერიდებოდა. ამ პერიოდში იგი გაორებული ცხოვრებით ცხოვრობდა - ოფიციალურით და არაოფიციალურით. ერთსა და იმავე დროს სასულიერო პირთა დამაშოშმინებელ ტრაქტატსაც წერდა და მკრეხელურ რუბაიებსაც, ღვთისკენაც ისწრაფვოდა და ღვინოსაც ასხამდა ხოტბას, ფილოსოფიურ ტრაქტატებში სწორედ იმას ამტკიცებდა, რასაც ლექსებში უარყოფდა.
საკუთარი სურვილით ომარ ხაიამი იშვიათად ეხებოდა ფილოსოფიურ ან რელიგიურ საკითხებს. მისი ტრაქტატების უმეტესობა ან პასუხია ოფიციალურ კითხვებზე, ან შეკვეთით დაწერილი თხზულება, ანდა უამრავი ბრალდებების გამაბათილებელი ნაშრომი. ამიტომაც იგრძნობა დიდი სხვაობა ფილოსოფიურ თხზულებებსა და და რუბაიებში გამოთქმულ აზრებს შორის.ფილოსოფიაში ომარ ხაიამი ძირითადად სამყაროს შექმნის, ადამიანის ყოფის და მოვალეობის საკითხებს ეხებოდა.
ღმერთის არსებობის აუცილებლობას ომარ ხაიამი რაციონალისტური გზით ამტკიცებდა და იმით ხსნიდა, რომ ყველაფერს გააჩნია დასაბამი და რადგან უმიზეზოდ ამქვეყნად არაფერი ხდება, ამიტომ ყოველი არსის პირველმიზეზი უნდა იყოს და არის ღმერთი. სხვაგვარად სამყარო ემსგავსებოდა შემთხვევით შეკოწიწებულ, უსასრულო ჯაჭვს, რაც,მისი აზრით, უაზრობაა. ყოფიერებას აზრს მხოლოდ ის ანიჭებს, რომ სამყარო განიცდის ემანაციას, გამომდინარეობს პირველმიზეზიდან ჯაჭვის მსგავსად, რომლის ყოველი რგოლი თავისი კეთილშობილებით დანარჩენი რგოლებისგან განსხვავდება. რგოლთა შორის უპირველესი და უმშვენიერესი წმინდა გონებაა, რომელიც ყველაზე ახლოა პირველ მიზეზთან, ღმერთთან, ხოლო ყველაზე უკანასკნელი და მდაბალი რგოლი ხრწნადი არსის მტვერია, რისგანაც ღმერთმა შემდეგ შექმნა უფრო კეთილშობილი არსებები და ამ არსებათა შორის ყველაზე უკეთილშობილესი – ადამიანი.
ღმერთის არსებობის რაციონალური გზით მტკიცება თავისთავად სვამს საკითხს ღმერთის ყოვლისშემძლეობის შესახე  ბ, ხოლო ღვთის ყოვლისშემძლეობაზე და სიკეთეზე დიდადაა დამოკიდებული ადამიანის ბედი და ცხოვრების მიზანი. სწორედ საკითხის ასე დასმის დროს იბადება ორთოდოქსული რელიგიებისათვის სახიფათო კითხვა, რაც კაცობრიობას ღვთის გაჩენის დღიდან აწვალებს. თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ რატომაა ამქვეყნად ამდენი ბოროტება, ხოლო თუ ღმერთმა ბოროტებას ვერაფერი მოუხერხა, მაშინ არ ყოფილა ყოვლისშემძლე. ომარ ხაიამის აზრით შემოქმედების დროს ღმერთს არ შეეძლო არ დაეშვა ბოროტების გარკვეული რაოდენობა, რადგან ბოროტება ღმერთს დაღმავალი სამყაროს უწყვეტი ჯაჭვის მდაბალი და არაკეთილშობილური რგოლების ზნეობრივ საზღაურად სჭირდებოდა. ამიტომ სამყარო, როგორც ღვთის ქმნილება სრულყოფილი არაფრით არ შეიძლება იყოს, მაგრამ ამის გამო რომ ღმერთს უარი ეთქვა სამყაროს შექმნაზე, ეს კიდევ უფრო დიდი უბედურება იქნებოდა - ამბობს ომარ ხაიამი და თავის აზრს თვითონვე უყურებს ეჭვის თვალით.
ზოგადი ცნებების დადგენისა და განსაზღვრის სფეროში ომარ ხაიამი აბუ–ალი–იბნ–სინას დიდ გავლენას განიცდის, ხოლო იბნ–სინა პლატონის, არისტოტელესა და პორფირის იდეებიდან ამოდის. იბნ–სინა ცნობს პლატონისეული იდეების სამყაროს, რომელიც ყოველთვის წინ უსწრებს საგანთა არსებობას, მაგრამ მისი აზრი იდეები თავისთავად კი არ არსებობენ, არამედ ღვთის გონებაში არიან თავმოყრილი. ომარ ხაიამი იბნ–სინასაგან განსხვავებით არ ცნობს იდეების ღვთის გონებაში არსებობას და ზოგადი ცნების დადგენის უფრო რაციონალურ გზას ადგას. არსებობას, ამბობს იგი, ორი მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობები სრულიად არ ემთხვევიან ერთმანეთს. ერთია არსებობა საგნებში, რასაც მართლა გამოხატავს სიტყვა "არსებობა", მეორე–არსებობა სულში, ანუ გრძნობითი, წარმოსახვითი არსებობა. საგნებში არსებული არსებობა არის მხოლოდ საგნის არსებობა, მაგრამ საგნის სახე ან იდეა შეიძლება საგნებში სრულიად არ არსებობდნენ. ასეთია, მაგალითად, ადამიანის ცნება. უპირველეს ყოვლისა ადამიანი არის საგანი, მაგრამ სულში არსებული ადამიანის ცნება არის იდეა, რომელიც საგანში არსებობს.
ტრაქტატში "არსებობის საყოველთაობის შესახებ" ომარ ხაიამი უამრავ საკითხს ეხება, მაგრამ მეშვიდე თავში იმდროინდელი რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრების კლასიფიკაციას იძლევა. პირველ ჯგუფში აერთიანებს ყველა იმათ, ვინც უკვე არსებულ, ტრადიციულ თვალსაზრისს იზიარებს და არაფერ ახალს არ ეძებს. მეორე ჯგუფში თავს უყრის იმ ფილოსოფოსებსა და თეოლოგებს, რომლებიც ღმერთის არსებობოს დამტკიცებას გონების, ლოგიკის მეშვეობით ცდილობენ, მაგრამ მტკიცების ლოგიკური გზა, მისი აზრით, სრულყოფილი, ბოლომდე თანამიმდევრული არაფრით არ შეიძლება იყოს და ამიტომ მოძღვრებაც ნაკლულოვანია. მესამე ჯგუფის წარმომადგენლად იგი თვლის ისმაილიტებს, რომელთა აზრით ღვთის შემეცნება შეიძლება მხოლოდ წინასწარმეტყველთა ზეშთაგონებული განცხადებების მეშვეობით, რადგან ლოგიკური მტკიცება უამრავ სიძნელეებს, წინააღმდეგობებს შეიცავს, რის გამოც გონება ბინდდება, უძლურდება. მეოთხე ჯგუფში გაერთიანებული არიან სუფისტები. სუფისტებს შეუძლებლად მიაჩნდათ ღვთის შემეცნება გონებით, რადგან მათი აზრით ღმერთის შეცნობა,მისი გაგება, მასში გათქვეფა შეიძლება მხოლოდ მორალური სრულყოფისა და ინტუიციის გზით.
ტრაქტატის ამავე თავში ომარ ხაიამი მოკლედ გვაცნობს სუფიზმის ერთ–ერთი უდიდესი წარმომადგენლის ალ–ღაზალის მოძღვრებას. აღმოსავლეთის ამ დიდ მისტიკოსს ევროპელი მეცნიერები თომა აქვინელს ადარებენ და მის ტოლ საეკლესიო მოღვაწედ თვლიან.
სუფიზმის წარმოშობის ძირითად მიზეზად ასახელებენ ფუფუნების წინააღმდეგ გალაშქრებას და მისტიკური ლოცვების შეზღუდვის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს. სუფიზმა გრძელი გზა განვლო, კარგიც ბევრი შეისისხლხორცა და ცუდიც, მაგრამ აღმოსავლური მისტიციზმის ამ ფართო მოძრაობამ საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ალ-ღაზალომ ღვთის შემეცნების ერთადერთ გზად გრძნობითი წვდომა, ინტუიცია აღიარა და მთელ თავის მოძღვრებას ნეოპლატონიზმი დაუდო საფუძვლად.
სუფიზმის ძირითადი დოგმები იყო ბედის მორჩილება, ანუ ფატალიზმი, წმინდანთა გაიდეალება ანუ ასკეტიზმი და ღვთის ყოვლისშემძლეობა ანუ მონიზმი, ისევე, როგორც ალ-ღაზალის, ომარ ხაიამსაც ღვთის შემეცნების საუკეთესო გზად გრძნობითი წვდომა, ინტუიცია მიაჩნია, მაგრამ იგი მძიმე ეჭვებით შეპყრობილი, საღად მოაზროვნე კაცი იყო და როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა, აღარ სწამდა ღვთის ყოვლისშემძლეობა, სულის ხსნის ის გზა, რომელსაც სუფისტები სთავაზობდნენ. ამიტომაც ვერ აკუთვნებენ მას ვერცერთ რელიგიურ სექტას, ვერცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ვერცერთ შუასაკუნეობრივ იდეოლოგიას. ომარ ხაიამი ისე მარტო, ისე განცალკევებით დგას იმდროინდელი ფილოსოფიური და ესთეტიკური მოძღვრებების განშტოებათა შორის, როგორც ფოთლოვანი ხე წიწვნარში.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ომარ ხაიამმა მშობლიურ ქალაქში გაატარა და ეტყობა ცხოვრებამ იმდენად ხელმომჭირნე, იმდენად სიტყვაძუნწი გახადა, რომ თანამედროვენი მისი ხასიათის უხიაგობას უჩივიან, თუმცა რით უნდა ყოფილიყო კმაყოფილი მარტოხელა კაცი, რომელსაც არც ღვაწლი დაუფასდა ვერც ხსნის ის გზა იპოვა, რომლისკენაც ახალგაზრდობიდან ისწრაფვოდა. ცხოვრება გაუფერულდა, გაუგემურდა, გაქრა ყველა ის წვრილმანი, რითაც კაცი თავს ირთობს, უფრო სწორად _ იტყუებს და დარჩა გაშიშვლებული მძიმე ტვირთად ქცეული სიმართლე, რომლის არც ყველასთვის გამჟღავნება შეიძლებოდა და არც დამალვა. 
ყველაფერი ის, რისი თქმაც თეოლოგიურ და ფილოსოფიურ ტრაქტატებში არ შეიძლებოდა, რაც აწვალებდა და აეჭვებდა, რაც მის ღრმა ფიქრებთან და პირად განცდებთან იყო დაკავშირებული ომარ ხაიამმა დიდი პოეტური სიცხადით გამოხატა რუბაიებში. პოეზია იყო ის წალკოტი, რომელსაც გაჭირვების ჟამს აფარებდა თავს. თვით ომარ ხაიამი საკუთარ თავს უფრო მეცნიერად თვლიდა, ვიდრე პოეტად, მაგრამ ეპოქის სული, საკუთარი თვალით დანახული სინამდვილე და გულგატეხილი კაცის პროტესტი მასზე უფრო უბრალოდ, მძაფრად და დამაჯერებლად არცერთ იმდროინდელ პოეტს არ გამოუთქვამს. ამიტომ ატყდა ევროპაში დიდი აურზაური, როცა ინგლისელმა პოეტმა ედუარდ ფიტცჯერალდმა ომარ ხაიამის რუბაიები ინგლისურად თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა. მას შემდეგ რუბაიები მრავალჯერ ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ და თითქმის ყველა კულტურული ხალხის ენაზე. ამერიკაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მისმა თაყვანისმცემლებმა ~ხაიამის მიმდევართა~ კლუბებიც კი შექმნეს. სპარსეთში, ინდოეთსა და არაბულ ქვეყნებში დაიძებნა და გამოიცა ყველაფერი, რაც კი დიდ მეცნიერსა და პოეტს შეუქმნია და რამაც ჩვენს დრომდე მოაღწია.
რუბაის (ოთხტაეპიანი ლექსის) ფორმა იმდენად გავრცელებული იყო სპარსეთში, რომ ვერცერთმა იმდროინდელმა პოეტმა ვერ აუარა გვერდი. რუბაის რითმა ხან მაჯამურია, ხანაც ირითმება მხოლოდ სამი სტრიქონი. წინა ორ სტრიქონში მოცემულია წინამძღვრები, ხოლო მომდევნო სტრიქონებში დასკვნები და მორალური ან ეთიკური სენტენციები. დღეისათვის ცნობილია ომარ ხაიამის ხუთი ათასამდე რუბაი, მაგრამ მეცნიერები მისეულად მხოლოდ მხოლოდ ორასიდან სამასამდე რუბაის თვლიან. დანარჩენებს ან სხვა პოეტებს აკუთვნებებნ, ანდა ყალბისმქმნელთა ნამოღვაწარად მიაჩნიათ. ამიტომაც ჭირს ომარ ხაიამის შემოქმედების კვლევა. ამიტომაც თვლიან მას ხან ღვთისმგმობელ-მატერიალისტად, ხან მორწმუნე მუსლიმანად, ხან ქეიფის მოყვარულ ამორალურ კაცად, ხან ღმერთთან შერწყმის მოსურნე სუფისტად, ხან უკიდურეს სკეპტიკოსად და ჰედონისტად, ხანაც სამყაროს არსისა და ამქვეყნიური ცხოვრების მაძიებელ ბრძენკაცად.. ასე რომ, ომარ ხაიამის ხასიათისა და მსოფლმხედველობის შესახებ უამრავი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრია გამოთქმული, მაგრამ ამით მის მეცნიერულ და პოეტურ შემოქმედებას თუ შეემატა რამე, თორემ არაფერი დაჰკლებია.
ომარ ხაიამი გარდაიცვალა 1131 წლის 4 დეკემბერს ქალაქ ნიშაპურში. როგორც მემატიანენი გვაუწყებენ, პოეტმა სული დალია დის ოჯახში, რადგან პირადად მას ცოლი არ შეურთავს, მემკვიდრე არ დარჩენია. ომარ ხაიამი დასაფლავებულია ხირეს სასაფლაოზე იმამ მაჰრუკის მეჩეთის მახლობლად. მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში პოეტის თაყვანისმცემელთა მიერ შეგროვებული თანხა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის საფლავზე მშვენიერი ობელისკი აღემართათ.



вторник, 15 мая 2012 г.

ალექსანდრე ელერდაშვილი – თარგმანების წიგნის წინასიტყვაობა


კაცობრიობის ყველაზე საყვარელი პოეტი

შესაძლოა, ვინმეს გაზვიადებად მოეჩვენოს სასათაურედ შერჩეული ფრაზა.... მისი ნებაა!
ჩვენ კი ის ნამდვილად გვჯერა, რომ ხაიამის რობაიები ყველა ცივილიზებული ხალხის ენაზეა თარგმნილი
და ძალიან ბევრ ადამიანს ზეპირად, დაუფიქრებლად შეუძლია მათი მოშველიება საუბრის დასამშვენებლად...
და სააზროვნოდ

ვინ  იყო  ომარ  ხაიამი?
ბევრი ლეგენდა არსებობს ომარ ხაიამის ცხოვრების შესახებ...
ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძალზე დიდი დრო გვაშორებს იმ ეპოქასთან, როცა განგების ძალით წუთისოფელს მოევლინა კაცი, რომელიც მთელი სიცო­­­ლის მანძილზე ცდილობდა, გაეცა პასუხი კითხვისთვის, თუ რატომ დაიბადა ამქვეყნად, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, რა არის სიკვდილის შემდეგ...
ხაიამის ცხოვრების მკვლევართა და, საერთოდ, სპარსული ლიტერატურისა და ირანის ისტორიის სპეციალისტთა შორის დამკვიდრებული აზრის თანახმად, ეს გენიალური კაცი XI საუკუნის შუა წლებში უნდა დაბადებულიყო. მავანი მეცნიერნი უფრო შორსაც მიდიან და მისი დაბადების ზუსტ თარიღსაც კი ასახე­­ებენ - 1048 წლის 18 მაისს (?!). ასეა თუ ისე, ომარ ხაიამი XI საუკუნის პირველ ნახევარში ნამდვილად დაბადებულა და საკმაოდ დიდხანსაც უმზერია მზისა და მთვარისათვის. ზემოხსენებული "მავანი მეცნიერნი" გარდაცვალების ზუსტი თარიღის გამოთვლასაც ახერხებენ იმ ასტროლოგიური მონაცემების საშუალებით, რომლებსაც ხაიამთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან წყაროებში წააწყდნენ, ანუ - 1131 წლის 4 დეკემბერს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თარიღების არც ნდობას და არც უარყოფას... მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია,  რომ სამოცდათორმეტ წელს მაინც გასტანა ხაიამის სიცოცხლემ, რასაც ზოგიერთ რობაიში თავად ავტორიც ადასტურებს:
"...სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ
და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია".
ომარ ხაიამის სამშობლოდ მიჩნეულია ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდი ისტორიული რეგიონი ხორასანი და კერძოდ - ქალაქი ნიშაბური, რომელიც XI საუკუნეში ამ მხარის და, საერთოდ, აღმოსავლური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ქალაქი ნიშაბური, როგორც ხაიამის დაბადების ადგილი, თითქმის არ იწვევს ეჭვს და ამას ზურგს უმაგრებს  ზედწოდება, "ნიშაბური" (ნიშაბურელი), რაც, რო­­­რც წესი, ძველ სპარსულენოვან სამყაროში პიროვნული ატრიბუტიკის ერთ-ერთ აუც­­ლებელ ნაწილს წარმოადგენდა.
შესაძლებელია, თავად სიტყვა "ხაიამ"-შიც ამოვიკითხოთ საჭირო ინფორმაცია რობაიების ავტორის შესახებ. ეს გახლავთ არაბული სიტყვა, რაც "კარვის მკერავს (მეკარვეს)" ნიშნავს, თუმცა გაურკვეველია, თავად იყო ამ ხელობის, თუ მისი წინაპრებისაგან შემორჩა "გვარის" სახით ომარად წოდებულ კაცს.
"ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბური" - საბოლოოდ ასე დადგინდა ამ პი­როვნების სახელი, თუმცა მას მთელი მსოფლიო უფრო მარტივად მოიხსენიებს - ომარ ხაიამი.

ომარ  ხაიამი - პოეტი?
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ხაიამის პიროვნებით დაინტერესებული მკვლევარები იზიარებენ საერთო აზრს იმის შესახებ, რომ ეს კაცი უდიდესი განსწავლულობით გამოირჩეოდა და მრავალი სამეცნიერო ტრაქტატის ავტორიც იყო, რომელთაგან უმეტესობა არაბულ ენაზე შექმნა, რადგან იმ ეპოქაში სწორედ არაბულ ენაზე იწერებოდა ყველა მეცნიერული ნაშრომი. ეს გა­მოკვლევები კი ისეთ ზუსტ მეცნიერებებს მოიცავენ, როგორიცაა მათემატიკა და ასტრონომია. მშობლიურ სპარსულ ენაზე დაწერილთაგან ხაიამს მხოლოდ "ნოვრუზ-ნამეს" (ახალი წლის წიგნს) მიაწერენ, რაც მისივე რობაიების სუ­­­სკვეთებას უფრო ეხმიანება, ვიდრე ღრმა მეცნიერულ განსჯას.
დიახ, ომარ ხაიამი, როგორც მათემატიკოსი და ასტრონომი, შუა საუკუნეების სპარსული სინამდვილისათვის საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, რაც არ შეიძლება ითქვას ხაიამის, როგორც პოეტის შესახებ... ამას თავისი გამართლება აქვს, თუმცა ყოველივე ეს მეცნიერული არგუმენტები არ გახლავთ და მხო­­ოდ ვარაუდებს ემყარება.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ომარ ხაიამი საქართველოში ევროპიდან "მოვიდა". მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ზოგადად რომ ვთქვათ, მჭიდრო კავშირში იყო სპარსულ პოეზიასთან, ომარ ხაიამი პრაქტიკულად არსად ფიგურირებს ჩვენს სამწერლობო მატიანეებში. ამას, შესაძლოა, ის "გამართლება" მოეძებნოს, რომ ჩვენი წინაპრები, სხვა მეზობელი კულტურული ერების მსგავსად, ნაკლებად სწყალობდნენ ლირიკას. ამ აზრს თავად რუსთველი ადასტურებს "ვეფხისტყაოსნის" პროლოგში, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, რომ "მოშაირედ" ვერ ჩაითვლება "ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი"-ს მთქმელი პოეტი. სხვათა შორის, ხაიამის მსგავსად,  შუა სა­უკუნეების ქართული სინამდვილე ნაკლებად იცნობდა ისეთ პოეტებს, როგორებიც იყვნენ თუნდაც საადი, ჰაფეზი, ჯამი და სხვები. ძნელი დასაჯერებელია, რომ "სპარსული ენის სიტკბოთი" გაბრუებული ქართველი მოლექსე-მოშაირეები არ ცნობდნენ ხსენებული პოეტების სიდიადეს; აქ, ალბათ, უფრო სხვა ფაქტორები მოქ­­­­ებდნენ, რაც, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად სპარსელებიც ნაკლებად სწყალობდნენ ომარ ხაიამს, რო­­­­ც პოეტს, რადგან მათთვისაც უფრო მეტად ეპიკური ჟანრი იყო მისაღები... თუმცა ეს მსჯელობა ძალზე შორს წაგვიყვანს, რადგან, იძულებულნი ვიქნებით, გზა­­­­დენილებმა ვარაუდების სფეროთა მიკიბულ-მოკიბულ შეხედულებებს მივდიოთ და  ჩვენს საკითხთან დაკავშირებით ვეღა­­­ფერი ვთქვათ.

რამდენი რობაი დაწერა ომარ ხაიამმა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია და, ალბათ, მისი დასმაც კი არ ღირს ჩვენს საუკუნეში.
რატომ?
პასუხი მარტივია – ძალზე დიდი დრო გვაშორებს იმ ეპოქასთან, როცა ხაიამ­ად წოდებული პიროვნება თავის ოთხსტრიქონედებს თხზავდა ("რობაი" არაბულად სწორედ ოთხსტრიქონედს ნიშნავს).
და მაინც?
ომარ ხაიამთან მიმართებაში მხოლოდ "სამეცნიერო-კვლევითი" მიზნებით აღჭურვილი ადამიანები დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, რადგან ნაირგვარ წყაროში ხაიამის კუთვნილი რობაიების რიცხვი 20-სა და 5000-ს შორის მერყეობს. ასე რომ, პრაქტიკულად უაზრობაა რაიმე მეცნიერული დასკვნის გამოტანა, რადგან  ყოველი კონკრეტული რიცხვის უკან, როგორც წესი, რომელიმე სერიოზული წყარო დგას. ასეა თუ ისე, "ხაიამოლოგია", როგორც ფილო­ლოგიური მეცნ­­­რების დარგი, არსებობს და მას ყველაზე სანდო წყაროდ 1207 წლით დათარიღებული ხელნაწერი მიაჩნია, რომელიც XX საუკუნის შუა წლებში უპოვიათ ირანში, ერთ კერძო კოლექციაში და (ალბათ!) სარფიანი გარიგების შედეგად ოქსფ­­­დის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის გადაუციათ. ამ ხელნაწერში 252 რობაი არის წარმოდგენილი...
იმავე ხანებში კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა იპოვა მეორე ხელნაწერი (ასევე კერძო კოლექციაში) და 1259-60 წლებით დაათარიღა. მასში 172 რობაის ამოკითხვა შეიძლება...
ყველა ქართველი ირანისტის დიდი მასწავლებელი, დავით კობიძე, ოქსფორდ-კემბრიჯის მარადიულ დავას (ავტორიტეტული ირანელი ფილოლოგების დამოწმ­­ბით) "სიყალბით" სპეკულირებას ადარებს. ძნელია, არ დაეთანხმო ბატონი და­­ითის აზრს, მით უმეტეს ახლა, როცა თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ სენსაციური მასალის "მოპოვების" და მის აფიშირების დროს "მავანი მეცნიერნი" მხო­­ოდ საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას ცდილობენ და ნაკლებად ითვალი­­­­ნებენ ისეთ უბრალო ცნებას, რასაც ჭეშმარიტება ჰქვია...
ასე რომ, პრაქტიკულად შეუძლებელია ომარ ხაიამის მიერ შექმნილი რობაიების რიცხვის დადგენა...
შესაძლებელია მხოლოდ ერთი – ხაიამის პოეზიის გააზრება!
* * *
მიუხედავად იმ ირონიისა, რაც უნებლიედ გამოკრთა ზემოხსენებულ მეცნ­­­­ულ კვლევათა მიღწევების შესახებ საუბრისას, მაინც შეგვიძლია დავასახელოთ მეტ-ნაკლებად სანდო წყარო, რაც ამ კრებულში წარმოდგენილი თარგმანების შექმნის საფუძველი გახდა. ეს არის ხაიამის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარის, მოჰამედ ალი ფორუღის მიერ დამუშავებული ტექსტის საფუძველზე გამოცემული წიგნი, რომელიც XX საუკუნის 70-იან წლებში დაისტამბა, მასში 178 ოთხსტრიქონედია თავმოყრილი. ჩვენ ამ გამოცემის სრ­­ული სპარსული ტექსტის სკანირება მოვახდინეთ და ორიგინალის სახით სწ­­­რედ ის არის წარმოდგენილი ამ კრებულის, ასე ვთქვათ, სპარსულ ნაწილში.          

მთარგმნელთა შთაგონების წყარო
სპარსული ლირიკა მთელი მსოფლიოსათვის პირველად გერმანელმა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ "აღმოაჩინა", შექმნა რა თავისი ცნობილი "აღმოსავლურ-დასავლური დივანი". სწორედ მისმა დიდმა ავტორიტეტმა და ლიტერატურულ პროცესებზე ზეგავლენამ გახადა ევროპელთა ყურადღების ღირსი ცივილიზაციის ის განუმეორებელი ფე­ნომენი, რასაც სპარსული პოეზია ჰქვია და რასაც ანალოგი არ მოეძებნება არ­ც ერთ ეპოქასა და სივრცეში. თუმცა არც ასე რადიკალურად შეიძლება მსჯ­­ლობა, რადგან პოეზიის ჭეშმარიტი მიყვარულები და დამფასებ­­ები გოეთე­მდეც სცემდნენ თაყვანს პოეტთა "აღმოსავლურ თანავარსკვლ­­­­დს", ანუ ისინი, ვინც ახერხებდნენ ენობრივი ბარიერის გადალახვას და სპარსული ენის ცოდნის წყალობით ეცნობოდნენ ირანსა თუ მის შემოგარენში დაბადებ­­ლ გენიოსთა ქმნილებებს. მასობრივი მკითხველისთვის კი საჭირო გახდა "მთ­­რგმნელობითი ინსტიტუტის" საქმიანობის შექმნა-გაფართოება, რასაც წარმა­­­ბით გაართვა თავი პრაქტიკულად ყველა კულტურულმა ენობრივ-ლიტერატურულმა გარემომ.
ასეთი ახსნა-განმარტებითი "გამართლების" შემდეგ გასაკვირი აღარ იქნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოსათვის ომარ ხაიამი აღმოჩენილ იქნა მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში, ინგლისელი ედვარდ ფიტცჯერალდის მიერ. ეს პიროვნება ინგლისურენოვანი სამყაროს ერთ-ერთ უპირველეს პოეტადაა მიჩნეული.... ომარ ხაიამის "წყალობით". არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი ერთ პატარა ესსეში ასეთ აზრს გამოთქვამს: ედვარდ ფიტცჯერალდის პიროვნებაში ერთ მშვენიერ დღეს ომარ ხაიამის სული "ჩასახლდა" და ინგლისურად აამეტყველაო. ეს, ალბათ, ყველაზე მართალი, ყველაზე ჭეშმარიტი მისტიკური ვარაუდია მათ შორის, რაც კაცობრიობის ისტორიაში მრავლად შეუქმნიათ სპირიტიზმის ავ-კარგით მოვაჭრე "მოაზროვნეებს".
უფრო კონკრეტულად:
ედვარდ ფიტცჯერალდმა (1809-1883) ცხოვრების დიდი ნაწილი განმარტოებით გაატარა ინგლისის ქალაქ საფოლკში. ზუსტად ვერავინ იტყვის, იცოდა თუ არა მან სპარსული ენა იმ დონეზე, რაც თარგმნის შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 1859 წელს გამოსცა ომარ ხაიამის Rubayat-ად წოდებული წიგნი, რითაც სათავე დაუდო სპარსელი პოეტის განუზომელ პოპულარობას მთელ მსოფლიოში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხსენებულ წიგნს დიდი ვერაფერი ყურადღება დაუმსახურებია და მხოლოდ დანტე გაბრიელ როსეტის მიერ 1868, 1872, 1879 წლებში განხორციელებული გამოცემების შემდეგ გახდა ყველასათვის ნათელი, რომ ედვარდ ფიტცჯერალდის სახით ინგლისურენოვანმა სამყარომ შეიძინა არათუ მხოლოდ მთარგმნელი, არამედ დიდი პოეტიც.
ზემოხსენებული საკითხებით დაინტერესებულმა პირებმა იციან, რომ ფიტ­ცჯერალდის მიერ შესრულებული თარგმანი უფრო თავისუფალი "გადამღერებაა" ხაიამისეული თემატიკისა. აქვე დგება საკითხი მთარგმნელის მიერ სათარგმნელი მასალის ენის სრულყოფილად ცოდნის შესახებაც, მაგრამ ეს ყველაფერი პოეზიის მოყვარულებისათვის მალევე ეძლევა დავიწყებას, რადგან მათი გულის, გონების და სულის წინაშე იშლება ჭეშმარიტი პოეზიის სამყარო და უკვე ნაკლებად არის საინტერესო ამა თუ იმ `წვრილმანის~ ცხოველმყოფელობა. მთავარია ის "ფორმულა", რაც ყოველი მთარგმნელის საქმიანობის უმაღლეს შეფასებას წარმოადგენს, ანუ:
ომარ ხაიამი ინგლისელი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა!....

ომარ  ხაიამი საქართველოში
პირველი ქართულენოვანი რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა სა­ქართველოში, როდესაც ჟურნალ "კავკასიონში" (#1-2) გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეცნიერულმა თვალსაზრისმა განაპირობა და, ბუნებრივია, ვერ მიიპყრობდა პოეზიის მოყვარულთა ყურადღებას. პირველი, ვინც ომარ ხაიამის ქართულად "ამეტყველება" სცადა, ბატონი ამბაკო ჭელიძე გახლდათ, მანამდე კი, 1936 წელს, ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" დავით კობიძემ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ომარ ხაიამის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მანვე შეკრიბა ერ­თად სხვადასხვა გამოცემებში გაბნეული თარგმანები ამბაკო ჭელიძისა და 1946 წელს ცალკე წიგნად გამოსცა.
ჩვენ, ხაიამის გარდა, არ გვეგულება სხვა ისეთი უცხოელი პოეტი, რომელიც ქართველი მთარგმნელების ესოდენ დიდ ყურადღებას დაიმსახურებდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი ფუფუნების საშუალებას რობაიების მცირე ზომა და აზრის "სიმარტივე" იძლევა, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ზემოხსენებული საკითხები, უბრალოებასთან ერთად, დიდი სირთულეების დაძლევას მოითხოვს, რათა ითქვას:
ხაიამი ქართველი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა.
საბედნიეროდ, საქართველოშიც აღმოჩნდნენ ის პიროვნებები, რომლებმაც დიდი სპარსელი პოეტის და მოაზროვნის შემოქმედება სათანადო სიდიადით წარმოაჩინეს.
1959 წელს გამოიცა ბატონი მაგალი თოდუას მიერ შესრულებული დიდებული თარგმანები, რასაც დღემდე დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვკითხულობთ და, დარწმუნებულნი ვართ, მომავალი თაობებიც არ მოიკლებენ მათგან მონიჭებულ სიამეს.
1963 წელს ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამოცემულ თარგმანებში კიდევ ერთხელ ამეტყველდა ომარ ხაიამი ქართულად. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რაც ზემოთ ვახსენეთ, ანუ _ პოეტმა იპოვა თავისი მთარგმნელი. სრ­­ული გულწრფელობით და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ვახუშტის თარგმანები მთარგმნელობითი საქმიანობის, როგორც ხელოვნების და კულტურის შემა­­გენელი ნაწილის, შეუდარებელი მიღწევაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამაზე უკეთ შეძლოს ვინმემ ქართულად თქვას ის, რაც თითქმის 1000 წლის წინ ითქვა სპ­­­რსულად, მაგრამ.... ომარ ხაიამი მაინც არ აძლევს მოსვენებას (....ალბათ, არც მომავალში მისცემს!) პოეტურ სიტყვასთან მოპაექრე ადამიანებს და, მიუ­­­ედავად უკვე არსებული დიდებული თარგმანებისა, სულ ახალი და ახალი `ვა­­იაციების~ შექმნას აიძულებს მათ.
1966 წელს ბატონმა თამაზ ჩხენკელმა აღმოსავლური ლირიკის კრებულში ერთხელ კიდევ სცადა ხაიამის რობაიების თარგმნა და კვლავ ახალი სიტყვა თქვა. მის თარგმანებში სხვა კუთხით დავინახეთ ის, რაც თითქოს უკვე ნაცნობი და გა­აზრებული იყო მანამდე.
მას შემდეგ სხვა მთარგმნელებმაც სცადეს ბედი "ხაიამის ასპარეზზე" და ამ­ით, თუ ვერ გაამდიდრეს, გაამრავალფეროვნეს მაინც რობაიების თარგმანთა გალერეა. აღსანიშნავია სულ ახლახან გამოსული ორენოვანი წიგნი, სადაც ბატონმა ნომადი ბართაიამ სპარსული ტექსტის გვერდით მშვენიერი თარგმანები წარმოადგინა.
* * *
თქვენს ხელთ არსებული წიგნი კი შეიძლება ერთადერთი ღირსებით გამოირჩეს - მასში მოჰამედ ალი ფურუღის მიერ შეჯერებულ-დადგენილი სპარსული ტექსტი სრული თანამიმდევრობითაა თარგმნილი და სპარსული ენის მცოდნეებს შესაძლებლობა ეძლევათ, აქვე წარმოდგენილი თარგმანი შეადარონ დედანს. პოეზიის მოყვარულებს კი, ალბათ, იმედს არ გაუცრუებს ეს  თარგმანები, რომელთა პირველი ნიმუშები 1974 წელს შესრულდა და ბატონი დავით კობიძის მცდელობით "უნივერსიტეტის გაზეთში" დაიბეჭდა. სულ უკანასკნელი კი 2004 წლის ზაფხულში ითარგმნა....

P.S.
2012 წლის მინაწერი – თარგმნა გრძელდება ახალი კრებულისთვის.