вторник, 22 мая 2012 г.

ომარ ხაიამი - „თავზე დაგვნათის უსაზღვრობა მაღალი ცისა“


ომარ ხაიამი ძალიან უყვარს ქართველ მკითხველს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შესანიშნავი პოეტია, გაგვიმართლა და მთარგმნელებიც კარგი გვყავს. ომარ ხაიამის პოეზიას ქართველები ვიცნობთ შესანიშნავი მთარგმნელების მეშვეობით (მაგალი თოდუა, ვახუშტი კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი, ამბაკო ჭელიძე, ალექსანდრე ელერდაშვილი, ნინო მგალობლიშვილი და სხვა). თანამედროვე ეპოქამ კარგი საშუალებები (კომუნიკაცია და ა. შ.) მისცა ჩვენს შესანიშნავ მთარგმნელობით სკოლას, ჩვენს ბრწყინვალე მთარგმნელებს და ქართულად შეგვიძლია ვეზიაროთ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის შედევრს. ომარ ხაიამის პოეზია ძველად არ უთარგმნიათ (ან ჩვენამდე არ მოაღწია), სხვადასხვა ვარაუდი არსებობს, მაგრამ ძნელია გადაჭრით ითქვას, რატომ.
ლეგენდარული პოეტი, ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ომარ ხაიამი (ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბურელი) უნდა დაბადებულიყო 1048 წელს. არის გადმოცემა, რომ ის დაიბადა 18 მაისს. ჩვენც, დღეს, 18 მაისს გავიხსენოთ მისი დიდებული პოეტურ-ფილოსოფიური შემოქმედების პატარა ნაწილი.
ომარ ხაიამი დაბადებულა ქალაქ ნიშაბურში, ხორასანში, აღმოსავლეთ ირანში. 8 წლის ასაკიდან ყურანის ცოდნით გამოირჩეოდა თურმე. ასწავლიდნენ მათემატიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას. 12 წლიდან მედრესეში სწავლობდა. შეისწავლა სამართალი, მედიცინა, ენები. ამ დროს სალჩუკთა თარეშები დაიწყო (რომელიც ჩვენში დიდი თურქობის სახელითაა ცნობილი). 16 წლისას მამა გარდაეცვალა და სამარყანდში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. იქიდან ბუხარაში გადავიდა, წიგნთსაცავში მუშაობდა და თან განისწავლებოდა. 1074 წელს ისპაჰანში მიიწვიეს.
ცნობილი სპარსელი ბრძენი, ნიზამ ალ მულკი გახდა თურქ-სელჩუკთა სულთნის, მელიქ-შაჰის დიდი ვეზირი. ოღუზი თურქები გაუნათლებლები იყვნენ და სპარსელების მეშვეობით ცდილობდნენ რელიგიური ცოდნა, სახელმწიფოს მართვა თუ სხვა სიბრძნე შეეძინათ. ნიზამ ალ მულკი ხელიდან როგორ გაუშვებდა შემთხვევას, რომ უნიჭიერესი ადამიანი, ომარ ხაიამი თავისთან მიეწვია. დიდი პოეტი გახდა სულთნის სულიერი მრჩეველი და ობსერვატორიის უფროსი.
ალბათ, 1083 წელს ომარ ხაიამმა გაიცნო აფხაზეთის მეფე გიორგი II, დავით აღმაშენებლის მამა. დიდი თურქობით გაწამებული ქვეყნის თავდადებული ხელმწიფე ეახლა მელიქ შაჰს ისპაჰანში და ხარკის გადახდის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. მელიქ შაჰს გამაჰმადიანება არც მოუთხოვია ქრისტიანი მეფისათვის და მშვიდობაც ჩამოაგდო (ხარკისა და საძოვრების ფასად, რა თქმა უნდა). ჯარიც კი გამოატანა კახეთ-ჰერეთის გიორგი მეფისათვის დასაქვემდებარებლად. ამ გონივრულ და არა სასტიკ ნაბიჯში, მელიქ შაჰს, ჩემი აზრით, დაარწმუნებდნენ ნიზამ ალ მულკი და ომარ ხაიამი. საქართველოში შედარებითმა მშვიდობამ დაისადგურა. მელიქ შაჰისა  და ნიზამ ალ მულკის გარდაცვალების მერე ომარ ხაიამს მოუწია ისპაჰანის დატოვება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამედროვე ეპოქაში ომარ ხაიამის პოეზია ქართველებისთვის განსაკუთრებულად ახლობელი გამოდგა. ჯერ ლიტერატორებმა და მერე მკითხველებმა ძალიან შეიყვარეს ომარ ხაიამი. როგორც ვთქვით, პირველ რიგში, იქნებ იმიტომ, რომ კარგად თარგმნეს ქართველებმა, და მერე, ალბათ, მისი პოეზია, მისი მსოფლმხედველობა, მისი ფილოსოფია ახლობელია ქართული ხასიათისთვის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ომარ ხაიამი ლოთობას უმღერის, არა, ის სიბრძნის პოეტია. ზვიად გამსახურდია ომარ ხაიამზე წერდა: "ასეთი (ცუდი. გ. მ.) თარგმანების წყალობით (იგულისხმება პირველი ევროპული თარგმანები. გ. მ.), აგრეთვე იმის წყალობით, რომ სუფიზმის მაღალი ფილოსოფია მიუწვდომელი აღმოჩნდა მასისათვის, მსოფლიოში დღემდე შემორჩა ლეგენდა, თითქოს ხაიამი ლოთი იყო, ქალების მოყვარული, თითქოს იგი "ღვინოში ჩაიხრჩო" და სხვა. ამგვარი ვერსიების გამავრცელებელთ არ უწყოდნენ, რომ "ღვინო" ხაიამთან, ისევე როგორც სხვა სუფისტებთან მეტაფორაა ეზოტერული საიდუმლო მოძღვრებისა, ხოლო ყურძენი - გარეგანი, ყველასათვის მისაწვდომი ეგზოტერული მოძღვრებისა; რომ მისი მეტაფორული "სიმთვრალე" აღნიშნავს სუფისტის ექსტატურ მდგომარეობას მისტიური წვდომის გზაზე, ხოლო ქალი, მიჯნური შერთვის ობიექტის, ღვთაების სიმბოლოა და ა. ს. ამგვარმა მკითხველებმა არც ის უწყიან, რომ ხაიამი ცხოვრებაში იყო უკიდურესად ასკეტი, რომ მას არასოდეს დაულევია ღვინო, რომ იგი იყო ავტორი მეთემატიკურ-ასტრონომიული ტრაქტატებისა და მკაცრი სუფისტი.
ასე რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ორი ხაიამი, თვითოეულ მათგანს ჰყავს თავისი მკითხველთა წრე, თავისი მრევლი. ერთი, ნამდვილი ხაიამი არსებობს სპარსული ენისა და სუფიზმის მცოდნეთათვის, განათლებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც ხელეწიფებათ მისი პოეზიის ჭეშმარიტი საზრისის ამოცნობა, ხოლო მეორე ხაიამი, ფიცჯერალდისა (პირველი ინგლისელი მთარგმნელი. გ. მ.) და სხვა მთარგმნელთა მიერ შექმნილი, ღვინისა და ქალების მოტრფიალე, არსებობს ხაიამის კლუბებისთვის, ჰედონისტი (ცხოვრებიდან მხოლოდ სიამოვნების მიღების მსურველები. გ. მ.) სტუდენტებისთვის, რომელთაც არც კი სურთ ნამდვილი ხაიამის შესახებ რაიმეს ცოდნა, ვინაიდან იგი მათთვის ბოჰემისა და ჰედონიზმის კერპად ქცეულა" (ზ. გამსახურდია, "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება", გვ. 108-109, თბილისი 1991).
ზვიად გამსახურდიას სიტყვებს ამტკიცებს სიკვდილის დღეს დიდი პოეტის საქციელი. ბრძენმა იგრძნო თურმე სიკვდილის მოახლოება, მოიხმო ახლობლები და მოწაფეები, შეადგინა ანდერძი და ამის მერე აღარც უჭამია და აღარც წყალი დაულევია იმ დღეს. საღამოს ლოცვა რომ შეასრულა, დაჩოქილმა მეტანია გააკეთა და შეჰღაღადა: "ღმერთო, როგორც შემეძლო ვცდილობდი შემეცანი. შემინდე, რამდენადაც შეგიცანი, რამდენადაც მოგიახლოვდი!" და ამ სიტყვებზე სული განუტევა.
ამგვარად ორივენაირი გაგება ომარ ხაიამისა ქართველებისათვის მისაღებია. ღვინოც გვიყვარს და მარადიული ღირებულებებიც, ჭეშმარიტების ძიება, სრულიად არ არის უცხო ქართველებისათვის. ამასთან, ღვინო ჩვენთვის, პირველ რიგში, ლოცვის (დალოცვის), სამყაროსთან, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებაა. ქალი კი ქართველისათვის ამაღლებული ტრფობისა თუ თაყვანისცემის ობიექტია. 
გავიხსენოთ ომარ ხაიამის რამდენიმე რობაია (რობაია, რუბაია – ოთხსტრიქონიანი ლექსი). ყველამ ისე აღიქვას, როგორც სურს. პოეზიის დანიშნულება გარდა "საღმრთო, საღმრთოდ გასაგონისა",  სიხარულის (და არა ჰედონისტური ტკბობის) მონიჭებაცაა, ჩემი აზრით.
***
(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)
თავზე დაგვნათის უსაზღვრობა მაღალი ცისა
და უცნაურად ანთებული შუქურა მზისა,
ხოლო ჩვენ, მისგან მოქცეული შუქის ნათელში
ვცახცახებთ, როგორც აჩრდილები, წინაშე მისსა..
***
(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)
იგი, ვინც ქმნიდა ცისა ფერს და მწვანე მთა და ბარს,
მანვე ნაღველი მოგვაგო და გვითანდათანა,
მანვე ჩაჰყარა მიწის გულში ლალის ბაგენი,
ხოლო თვალები მტვრადა ჰყო და ქარს გაატანა.
***
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ქვეყნად რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა
რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა,
არ არსებული არსებულად ჩათვალე, ძმაო,
არსებული კი მიიჩნიე არ არსებულად.
***
(თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა)
ღვინის მდინარე, ფერიები და ლხინის ტახტი,
მითხრეს, გელისო სამოთხეში, თუ ღირსი გახდი.
ამივსე თასი წმინდა ღვინით და მომაწოდე,
ათას ნისიას მირჩევნია ეს ერთი ნაღდი.
***
(თარგმნა მაგალი თოდუამ)
არც სინაგოგა, არც მეჩეთი, არც ეკლესია, _
არ მწამს არც ერთი, მათი გმობა ჩემი წესია!
მე არც სამოთხის იმედებით ვყოფილვარ ქვეყნად,
არც ჯოჯოხეთის მოლოდინით დამიკვნესია...
***
(თარგმნა მაგალი თოდუამ)
თენდება და მამილიც ყივის, როგორც რიგია.
რა ატირებს? მწუხარე განა უფრო იგია!
ვაი, როგორ გარბიან ჩვენი ყოფის დღეები,
მთელი ღამე წასულა, ჩვენ კი არ გაგვიგია!.
***
(თარგმნა ამბაკო ჭელიძემ)
ვისაც ხელში ნახევარი პური აქვს
და თავისთვის დასაჯდომი ყურე აქვს,
არც მონა ჰყავს და არც სხვას ემონება,
ქვეყნად იმას რაღა დასამდური აქვს...
***
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
მოდი, გული გამიხარე, მოდი ჩემთან, ჩემო კარგო,
იქნებ შენი სილამაზით ჩემს ვაებას რამე არგო?!
შენთან მინდა მოვილხინო, შევსვა ერთი დოქი ღვინო,
სანამ დოქად გადამზელენ, დოქში მინდა თავი ჩავრგო.
* * *
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)

ხვალინდელ დღეზე რადგან პასუხს ვერავინ აგებს,
შენს სევდიან გულს, ღვინის გარდა, ვერარა არგებს;
მთვარიან ღამეს შევსვათ ღვინო, რადგან ეს მთვარე
მუდამ იქნება... ჩვენ კი ვერსად ვეღარ მოგვაგნებს.
(თარგმნა ნინო მგალობლიშვილმა)
ამ საწუთროში მამხილებლის თვალი სად არი?
კაცთა, - მოსულთა და წასულთა, -
კვალი სად არი?
გული დაგული, დადაგული, - გული უბიწო
დაიფერფლება, დაიფერფლა...
კვამლი სად არი?
***
(თარგმნა ნინო მგალობლიშვილმა)

გულმოწყალეო, შენი ძალა არის სიკეთე, _
სამოთხის ბჭენი რად ჩარაზე, რა გამიკეთე?
თვინიერი რომ მოგეწონოს, ეგ რა მადლია?
ცოდვილს მიწამლო, შემეწიო, _ აი, სიკეთე!
***
(თარგმნა ნინო მგალობლიშვილმა)
ღვინო ჩააქრობს ქედმაღლობას მზვაობარისა,
მას ძალუძს მხოლოდ გატოლება
მთის და ბარისა,
ეშმაკს ამ ღვინის ერთი ყლუპიც რომ დაელია,
ერთგული კაცი იქნებოდა მეგობარისა.


გია მამალაძე


Комментариев нет:

Отправить комментарий